პოეტი გიორგი ჩუთლაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

პოეტი გიორგი ჩუთლაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

სამწუხარო ინფორმაცია მწერალმა ლუკა ბაქანიძემ გაავრცელა. გიორგი 31 წლის იყო. მისი ლექსები პირველად ჟურნალში ,,ჩვენი მწერლობა” 10 წლის წინ დაიბეჭდა. 2015 წლიდან კი, ლექსებს აქვეყნებდა ჟურნალებში ,,ახალი საუნჯე,, და ,,არილი,,.

გიორგის სადებიუტო კრებული ,,მზის პოსტერი,, 2016 წელს გამოვიდა. მომდევნო წელს თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში მონაწილეობდა. 2019 წელს  კი ჩაერთო პროექტში ,,მსოფლიო კედლების გარეშე”.

პოეტი 31 წლის 23 ოქტომბერს გახდა. საკუთარ დაბადების დღეზე სოციალურ ქსელში ასეთი ჩანაწერი გამოაქვეყნა:

“…ქვა, ფოთოლი, კარი, რომელსაც ვერ მივაგენი… 31 წლის გავხდი!

ჰოი, ცხელ ლაბირინთებში გამქრალის ამაოებავ… უტყვ მოგონებებში ვეძებ დიად, დავიწყებულ ენას, ზეცაში მიმავალი, დაკარგული ბილიკის დასასრულს, ქვას, ფოთოლს, კარს, რომელსაც ვერ მივაგენი. სად? როდის? ქარიგან გამოგლოვილო აჩრდილო დამიბრუნდი…

სად არის გზის მანიშნებელი და სად არის გზა ? … მართლა, უბედურებათა და წარსულის ჯამი ვარ, თუ ჩემი სიტყვების და გულისთქმების … ?

შემიძლია ჩამოვწერო, ვინ მყავს და რა მაქვს… ასევე ვინ არ მყავს და რა არ მაქვს, მაგრამ ამას არ გავაკეთებ… 31 წელი, უცნაური შეგრძნებაა… 31 წლის გიორგი ჩუთლაშვილი…

ხშირად მიდგას მძიმე წუთები. დღეები, როცა უაზრობის შეგრძნება უჩუმრად მეპარება და ცინიკურობასა და ირონიაში მძირავს, როცა ვკარგავ სიყვარულს და იმის რწმენას, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თან ვფიქრობ, სად მაქვს სიყვარული? მგონი არ შემიძლია სიყვარული და არ მაქვს სიყვარული და თუ არ შემიძლია და არ მაქვს შესაბამისად ვერც დავკარგავ…

ადამიანი საიდუმლოა და მე ძალიან მინდა ამ საიდუმლოს ჩავწვდე, იმიტომ რომ მეც მინდა ვიყო ადამიანი, მაგრამ როგორ ჩავწვდე ადამიანს? როგორ ვიყო ადამიანი? არ ვიცი…
დიდება და მადლობა უფალს.. უფალ იესუ ქრისტეს!…

მადლობა ადამიანებს, ადამიანებს, რომლებიც ადამიანობას (ჩემგან განსხვავებით..) საქმით ამყარებენ… მადლობა ვინც სრულიად უანაროდ მიდგას გვერდში… მადლობა ვინც გულწრფელი ღიმილით და სასიამოვნო სიტყვით მამხნევებს და ამბობს, რომ ცხოვრება მშვენიერია…

მადლობა ადამიანებს, რომლებსაც არ შევხვედრივარ, ჰაერზე და ვირტუალურად დიდ სიყვარულს ავლენენ ჩემს მიმართ…

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, მწერლებს, პოეტებს, ხელოვან ადამიანებს…

განსაკუთრებული მადლობა: გენოს, თეას, მარიამოს, რატის!
და კიდევ… და კიდევ… დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვისაც ჩემი კრებული (კრებულები) აქვს…
ვინც ჩემს ახალ ლექსებს ელოდება და ქუჩაში ჩემი დანახვა უხარია, ვისაც არ უხარია მათაც დიდი მადლობა…
დიდი მადლობა ადამიანებო! იქნებ მეც მასწავლოთ სიყვარული და იქნებ მითხრათ, როგორ აღიქვამთ მშრალი თევზის წონასწორობას…

შენიშვნები: თომას ვულფი, ,,მოხედე შენს სახლს ანგელოზო,, ფოლკნერი ,,ხმაური და მძვინვარება,, ერლენდ ლუ ,,ნაივური სუპერი,, და დოსტოევსკი.
ამაოდ მეტყველება. მრავლის მეტყველება.
,,იბატონე საკუთარ ენაზე და სიტყვებს ნუ განამრავლებ,,
წმ. ანტონი დიდი
1
სიტყვებს ვამრავლებ…
მოუკლებლად თვალით ფურცლებს ვწონი,
არადა მოუკლებლად მინდა
ვლოცულობდე შენთვის…
ნელ-ნელა თვალის ჩინი აკლდებათ,
გამრავლებულ სიტყვებს და ისინი,
თითქოს ნაძვის ხის კენწეროზე მრჩება…
ძველმოდური ფურცელი ამაოდ მეტყველებს…
ძველმოდური ფეხსაცმლით, თითქოს
ახალ მიწას, ახალ ხმას, ახალი ხის კენწეროს ვეძებ…
ძველმოდურად ვამრავლებ სიტყვებს…
ძველმოდურად ვმეტყველებ ამაოდ,
ძველებურ ფირსაკრავს ვგავარ…
თან ესეც მახსოვს
,,ამოება ამაოთა და ყოველივე ამაო,,
სად უნდა დავრჩე, შეუსაბამო ვარ ამ დღესთან…
რა დავაკელი დღევანდელ დილას, იქნებ თვალის
ფართოდ გახელა, იქნებ მთქნარება, ან იქნებ ალერსი?!…
ენის წვერიდან – თვალის ჭრილიდან, სისხლივით
მდის დაბნეულობა, მოუთმენლობა,
ამბის თქმის შიში…
,,ბამბას დავადებ ამბის ნიშას…
გამრავლებულ სიტყვებზე შევდგები ,,
2
სიტყვებს ვამრავლებ – აღარ ვმალავ, რასაც
ვამრავლებ, თითქოს უკან ვფურცლავ იმ წიგნივით,
რომელსაც 12 ფურცელი აკლია და ნიავი ავსებს,
ხან ქუჩის მტვერი…
(ხანდახან, ალბათ შენი ხმაც კმარა…)
სიტყვებს ვამრავლებ, მაგრამ სიტყვას არ ვაიძულებ,
იმარხულოს, მხოლოდ ვაიძულებ უცხოს ეზიაროს…
რომელი სიტყვაც გამიტყუებს გარეთ, ან სახლში
შემიტყუებს, თვალს დამადგამს, მომკრავს,
თუ მომატყუებს,
ისე რომ აღმოსავლეთის ქარით ამივსოს
ამპარტავნება, ალბათ სხვა ენით ავმეტყველდები…
მაგრამ არა, ახლაც ამაოდ ვმეტყველებ.
სიტყვებს ვამრავლებ.
სიტყვების ნაცვლად პურს ვინც ამრავლებს,
მასთან ერთად მიჭირს ყოფნა…
მე ხომ ისევ გუშინდელი ვარ…
მე ხომ ისევ გუშინწინდელი ვარ…
მე ხომ წინდების ჩაცმის დროსაც,
სიტყვებს ვამრავლებ და დაწინდული
ვარ შენს კითხვებთან და უარყოფით პასუხებთან…
,,ლეღვის ხეებიც, ვეღარ შველიან სიტყვებში
სირცხვილს. ლეღვის ხეები ისევ ხმებიან…,,
3
სიტყვა ჩადგება, როგორც ქარი, ზამთრის
სუსხიან დღეს, შებინდებისას
და ყველა სიტყვა, რაც ამაოდ ვთქვი,
რაც გავამრავლე, ან შენთვის ჩავიჩურჩულე,
ამოიწვება იმ ფურცლებზე,
რომლებსაც ახლაც ვწონი…
იბატონე შენს ენაზე, იბატონე…
ერთი ტონით ლურჯ ცაზე,
ორი ტონით ნაცრისფერ ჩიტს
შენ ვერ აცდები…”