მერაბ კოსტავას სამშობლოს სიყვარული ძვირად დაუჯდა – ცხოვრების ნახევარზე მეტი დევნასა და პატიმრობაში გაატარა.
“არტ ინფო” გთავაზობთ ეროვნული გმირის ერთ-ერთ წერილს, რომელიც მერაბ კოსტავამ დედას – ოლღა დემურიას მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გაუგზავნა:
„ჩემო დედა!
ამ ბარათს გწერ იმ შემთხვევისათვის, გამგზავრებამდე თუ ვერ გიხილე. ნუ დამემდურები და გულს ნუ იტკენ, ყველაზე მეტად შენ და შენი ჯანმრთელობა მადარდებთ. დანარჩენები უფრო მყარად მეგულებიან. შენ განსაკუთრებით უნდა მოუარო თავს და დამხვდე მრთელი და უვნებელი.
ჩემზე ნუ იდარდებ, ყველაზე ნაკლებ გასაჭირში მე ვიმყოფები.
ჩემთვის ციხე გართობაა და ცხოვრების შემეცნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი.
წელიწადის ეტლი ორგზის შემობრუნებასაც ვერ მოასწრებს, რომ ჩვენ ხანგრძლივი ხილვის შესაძლებლობა მოგვეცემა ჩემი გასახლების ადგილზე.
ნუ გეშინია, დრო სადოღე ბედაურივით გაირბევს თავის სარბიელს. ვეცდები მჭიდროდ ავეკრა უნაგირს მისას და მტკიცედ ვიპყრა ხელთ მისი სადავეები, რათა არ მიმუხთლოს და ფლოქვებქვეშ არ მომიყოლოს მის მარულაში ჩაბმული იმედის კარიბჭეთა მაძიებელი.
კარს ნუ გაუღებ ამაო დარდებს. ერიდე მაგ ვერაგსა და არამკითხე სტუმარს, ვინძლო გული ჟანგივით არ ამოგიჭამოს.
დაე უმეტესად სიხარული მკვიდრობდეს შენში. ან კი ბედის სამდურავი რა გჭირს. იცოდე, შენი გაზრდილი არასოდეს შეგარცვხენს, თავად ასე მსურს, ხოლო განგებამ უკეთ უწყის. შეხვედრამდე აზრსა და გონებაში განუყრელად ჩემთან ივლი. ზოგიერთი განშორება უფრო აახლოებს ადამიანებს, ჭეშმარიტად დიდათა ვარ შენგან დავალებული.
ამჟამად უფრო თვალნათლივ ვხედავ, პატიმარყოფილი მამისადმი შენახულმა ნამუსმა, შენმიერმა აღზრდამ და ჩემდამი მზურველობამ სიკეთის რა ძვირფასი ნერგი აღმოაცენეს ჩემში.
ხოლო ბოლო ჟამს, შენი გამბედაობით თითქმის აღმოჩენად, ჭეშმარიტად ახალ ადამიანად წარმომიჩნდი. ვის შეუძლია იამაყოს საკუთარი დედით, თუ არა მე.
თავის გამხნევება გმართებს, იცოდე დადარდიანებულ სახეს შენსას რანაირადაც ბოლოს გიხილე, ვერა და ვერ ვიტან.
როცა ამნაირს გიყურებ, გუნება მემღვრევა და სულში ბალღამი მეღვენთება. დიდხანს, დიდხანს ვეღარ ვუბრუნდები კალაპოტს. გთხოვ, ეს დარდი ჩამომაშორო, იცოდე, ცოცხალს რომ ვერ მოგისწრო, არ ვიცი რას მოვიმოქმედებ. მაშინ ვიღა დავადანაშაულო? ეს ამბავი ჩემს თავსაც და სხვასაც ხომ სასტიკად უნდა მოვკითხო? თავს კი კარგად ვიცნობ, მხოლოდ განუზომელი მოთმინებით თუ ვფარავ და ვავიწროვებ უსაზღვრო რისხვას და შურისგების შესაძლებლობას, ამგვარმა სტიქიამ რომ სადავე გამომგლიჯოს და თავი წამართვას მაშინ ვეღარაფერი დამაკავებს და საკუთარ თავს და ალბათ იმ სხვებსაც უბედურებას ავუტეხავ. სხვა რომ არა იყოს რა, სწორედ ამიტომაც გმართებს შენი თავი უვნებლად დამახვედრო.
ქვეყანაზე მარტოოდენ დედა და მამაა ერთადერთი, დანარჩენების რიცხვი მხოლობითს სცილდება.
ახლა დანარჩენზე ვისაუბროთ, როგორმე ცნობილ მამა–პაპურ სიზარმაცეს გადავლახავ და ჩემი ახალი ადგილსამყოფელიდან კორესპონდენციებს ხშირად მოგაწვდით.
ახალ, ჩემთვის ნახევრად უცხო, მაგრამ საინტერესო ცხოვრებას ვიწყებ და შევეცდები წერილობით თქვენც შეგიყვანოთ ჩემი მომავალი ყოფის დეტალებში. თქვენც სამაგიეროს ნუ დაიშურებთ. აბა, შენ იცი როგორ გამკვიდრდები რწმენაში და სასოს არ წარიკვეთ.
უფალს განსაკუთრებით უყვარს ქვრივი და ობოლი და მფარველობას თვისას არასოდეს დაიშურებს მათთვის. თუმცა ეულად არც შენა ხარ, ირაკლი და რუსუდანი ყურადღებას არ მოგაკლებენ.
ზოგჯერ ირაკლის შეუკიჟინე ხოლმე ჩემი სახელით.
აბა, მანდ მხნედ და მაგრად იყავი. ეს ტიალი დროც მამალი მგელისაგან დამფრთხალი კურდღელივით გადაირბენს თავის მინდორს, ოღონდ ჩვენ ნუ შევუშინდებით მის სიურპრიზებს.
მთავარი ისაა ჩვენი მომავალი გზად შესაყარისაკენ რომ მიგვაქანებს შეუჩერებლივ.”