ანსამბლ “შავნაბადას” მომღერალს სპარტაკ (პაკო) შარიქაძეს სიხარულის დღეები აქვს – ის რომის საოპერო თეატრის რჩეული გახდა.
გაზაფხულზე რომის საოპერო თეატრმა გამოაცხადა მოსმენა ახალგაზრდა სოლისტებისთვის. მოსმენა ჩანაწერის გაგზავნის პრინციპით ჩატარდა და საერთო ჯამში დაახლოებით 800 ვოკალისტი მონაწილეობდა, აქედან შეირჩა 8. რჩეულთა შორის არის სპარტაკ შარიქაძე.
პროგრამა გულისხმობს ახალგაზრდა სოლისტებისთვის შანსის მიცემას, რათა მათ იმუშაონ დიდ საოპერო დასთან, მიიღონ მონაწილეობა სპექტაკლებში, კონცერტებსა და კონკურსებში.
რომის თეატრის მეშვეობით ქართველი მომღერალი ითანამშრომლებს დირიჟორებთან: მიკელე მარიოტისთან, ანტონიო პაპანოსთან, რობერტო აბადოსთან, ჟორდი ბერნასერთან .. დაესწრება საოპერო ვარსკვლავების ლაურენს ბროუნის, ლუკა სალსის, დოლორა ზაიკის, ალექს ესპოსიტოს, იუსიფ ეივაზოვის მასტერკლასებს.