28 ნოემბერი, 2022

ვაჟა ფშაველას გენიალური წერილი განათლებაზე

გენიოსი ვაჟა ფშაველა განათლებას ადამიანის ცხოვრებაში უპირველეს ამოცანად მიიჩნევდა:

“არ შაიძლება ცოტა რამ განათლებაზედაც არა ვსთქვათ, ჩვენის ახალთაობის აღზრდაზედ. მომავალი ქვეყნისა იმათზეა დამოკიდებული, როგორიც შვილები ექმნებიან ჩვენს ქვეყანას, ისე წავა იმის საქმეც: უხეირონი იქნებიან – ქვეყნის ბედიც უხეიროდ ივლის და ხეირიანები იქნებიან, რა თქმა უნდა, ხეირიანად წაჰმართავენ ქვეყნის საქმეს.

დღეს აქამომდე ასე იყო და კიდევაც არის, თუმცა კი ამ აზრს შეგნებულის საზოგადოების გონებაში საძირკველი შაერყა, რომ შვილს იმიტომ ასწავლიან მშობლები, „მოხელე“ გამოვიდეს. რაც უფრო დიდ ჯამაგირიან ადგილს იშოვის იმათი შვილი, მით მშობლებიც და შვილიც მომეტებულად ბედნიერია. რაკი სწავლას ასეთი კომერციულის თვალით უცქერიან, რა თქმა უნდა, იმას ამისთანა ხალხის თვალში საკუთარი ძალა და ღირსება დაკარგული აქვს: ოღონდ ჯამაგირი აიღე „ჩინონიკი“ გერქვას და თუნდ ინჩიც არ იცოდე არაფერი უშავსო. აქ ისიც იგულისხმება: მხოლოდ თავის თავს კი არგე, ჯანდაბას ქვეყანაც და მისი სატკივარიო. იგულისხმება იმიტომ, რომ რის მაქნისია უსწავლელი, უბირი ადამიანი? რას არგებს ის ქვეყანას? როგორ შაიტყობს იგი ქვეყნის წყლულს, ქვეყნის საჭიროებას, თუ კი თვალები ახვეული ექნება?

ამგვარად შვილების გაბედნიერებას, ვიმეორებ, ამ ოცი და ოცდაათის წლის წინად უფრო დიდი ბაზარი, ფართო მოედანი ჰქონდა სანავარდოდ. დროებაც იმისთანა იყო, მშობლებსაც მეტი არ მოეთხოვებოდათ. დღეს კი ბევრი იმათგანი დარწმუნდა, რომ „ჩინონიკობა“ ვერც მაგრე რიგად ამდიდრებს კაცსა და არც ისეთი საპატიო ხელობა ყოფილა, როგორც იმათ ეგონათ და ამიტომ დღეს ესენივე რომელიმე მოშაირის გახეხილს „სერთუკს“ უფრო თვალებს აშტერებენ, ვიდრე გენარლის „მუნდირს“.