გენიალური მწერლის ოთარ ჭილაძის გენიალური სიტყვები, რაც დრო გადის, მით უფრო აქტუალურია:
“შენს დროს თუ კიდევ იქნა რუკაზე საქართველო, ირწმუნე, მართლაც ღვთისმშობლის წილხვედრი ყოფილა და ამას გადაურჩენია მხოლოდ. რომ იცოდე, რამდენი ელოდება ჩვენს სიკვდილს, მოუთმენლად თუ მოთმინებით, მეზობელი თუ გადამთიელი – გაგიკვირდება, ან აქამდე როგორ მოაღწიეთო. ერთი ფიქრი აქვს ყველას, როდის მოგვაყრიან მიწას, თავად რომ დაემკვიდრონ ჩვენი საფლავის ბორცვზე, პლასტმასის ყვავილივით.
მაგრამ მე სხვა მიკვირს ახლა: მთელი სიცოცხლე ამ დღეს ველოდი, როგორც იქნა მოვესწარი და… მეშინია! ხოლო, რაკი მეშინია, ეტყობა, მთლად ისე ვერ არის საქმე, როგორც უნდა იყოს. უფრო სწორად, ისეა, როგორც უნდა იყოს და არა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო, მეტი ჭკუა-გონება რომ ჩაედო ჩვენთვის თავში გამჩენს.
კიდევ ერთი ფარავანის ტბა დადგებოდა, რაც ჩვენ მელანი დაგვიხარჯავს თხოვნების, საჩივრების, ხოტბების, სადღეგრძელოების წერაში, მაგრამ მაინც ყველამ ერთად მოგვაყოლა გუნებაში, წადი თქვენი სულელი დედაცო… სულელი თუ ხარ, ბოლომდე სულელად დარჩები, გინდაც ოცი საუკუნე ქრისტეს შობამდე და ოციც ქრისტეს შობიდან, ცერებზე იდგე და რვა ხმაზე უმღეროდე მსოფლიოს სამადლობელს შენი ფეხებზე დაკიდებისთვის.”