22 ნოემბერი, 2022

ნუგზარ რუხაძის საუკეთესო წერილი

ნუგზარ რუხაძე ყოველთვის საჭირო და მნიშვნელოვანი წერილებით გვანებივრებს.

ამჟამად ჟურნალისტი და მსახიობი ინგლისური ენის ცოდნის აუცილებლობაზე საუბრობს:

“არის თუ არა საჭირო ინგლისური ენა თავის გასატანად 21-ე საუკუნეში? თავის გატანა ნებისმიერი ენის ცოდნის გარეშეც შეიძლება, გააჩნია, შრომის და აზროვნების უნარს.

შეიძლება, კრინტი არ დაძრა და ისე გააკეთო ფული. აქ საუბარია სულ სხვა რამეზე, ანუ იმაზე, თუ რაზე გაქვს პრეტენზია, ცხოვრების რა დონეზე. და, მოგეხსენებათ, ცხოვრების დონის სიმაღლე მხოლოდ ჭამა-სმასა და ჩაცმა-დახურვაზე არაა დამოკიდებული. შინაგანი, არამატერიალური კმაყოფილებაც სჭირდება ამ საქმეს!

თუ გსურს, რომ 21-ე საუკუნის სირთულესა და სიჭრელეს აუღო ალღო და გაართვა თავი, არ დაიბნე, არ ჩამორჩე და პროგრესის აჩქარებულ ფერხულში ჩაება, ამას მეტი ლინგვისტური გაქანება და დიაპაზონი სჭირდება, ვიდრე ერთი რომელიღაც ენა.

მხოლოდ ქართულით ვერ მოხერხდება ეს. რომ მოხერხდეს კიდეც, ერთი გზაა მხოლოდ – მთელი ერი ვიქცეთ მთარგმნელებად. და მაინც, შეიძლება, ვერ დავეწიოთ ამ თავქუდმოგლეჯილად მორბენალ დღევანდელ სამყაროს.

ჩემს სიყმაწვილესა და ჭაბუკობაში, რუსული გვქონდა ცხვირში შეტენილი. ბუნებრივად ვსწავლობდით, რადგან ყველგან ეს ენა სუფევდა – სახლში, კარში, სამსახურში, კინოში, ტელევიზორში, ქუჩასა თუ სასწავლებელში. გინდა, არ გინდა, სწავლობდი. ბოლოს, ვეჩვეოდით. ის კი არა, ერთმანეთსაც რუსულად ველაპარაკებოდით. ისე გადავდიოდით ხოლმე საუბრისას ერთი ენიდან მეორეზე, ვერც კი ვგრძნობდით. ვერც სამსახურში დაწინაურდებოდი რუსულის გარეშე, მით უმეტეს, თუ რამე მომაღლო თანამდებობას ებღაუჭებოდი. ახლა, ეს ყველაფერი გაქრა და სხვა ლინგვისტურ გარემოში აღმოვჩნდით – ინგლისური მოგვაწვა, თან მაგრად. არც გაჩერდება ეს მოწოლა კაი ხანს.

ჰოდა, ჩათრევას ჩაყოლა არ ჯობია? ცოტა მაინც უნდა ისწავლო, რომ უხერხულობას ასცდე. არადა, ძნელი კი არაა. ერთი ბეწო ძალისხმევა გეყოფა, თუ ალერგია არ გექნება მის მიმართ, არ შეუშენდები და შეიყვარებ. კი, ყველაფრის სწავლის წამალია სიყვარული, მათ შორის, ინგლისურისაც. აუ, ნეტა იცოდე, რას ამოისუნთქავ. ხელისგულზე მოგითავსდება მთელი სამყარო. რატომ უნდა დაიკლო ეს სიამოვნება, მითხარი!”