ახალგაზრდა ქართველმა დირიჟორმა მირიან ხუხუნაიშვილმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა – ციურიხში სადირიჟორო აკადემიის გამარჯვებული გახდა.
წელს აკადემიამ გამონაკლისი დაუშვა და ორი ჯილდო ქართველ დირიჟორს მიანიჭა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აკადემიის ორი პრიზი – პაავო იარვისა და აუდიტორიის პრიზი – ერთმა მონაწილემ მიიღო.
თანამედროვეობის გამორჩეული დირიჟორის, პაავო იარვის ხელმძღვანელობით ყოველწლიურად ციურიხში ტონჰალეს დარბაზში სადირიჟორო აკადემია ეწყობა. მისი ორგანიზატორი ციურიხის ტონჰალეს ორკესტრია.
ყოველწლიურად აკადემია 6 დირიჟორს ირჩევს, რომელთაც საშუალება ეძლევათ 4 დღის განმავლობაში ტონჰალეს ორკესტრთან იმუშაონ. რეპეტიციები მაესტრო იარვის მენტორობით ტარდება და ონლაინ პლატფორმებზე პირდაპირი ეთერით გადაიცემა.