გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებაში ნამდვილად მრავლად იყო განსაკუთრებული და გამორჩეული ისტორიები.
ერთ-ერთ მათგანს პოეტი მიხეილ ქვლივიძე იხსენებდა:
“ქართველი მწერლების საერთო კრებაზე, სადაც 1958 წელს მოსკოვში ყრილობაზე გასაგზავნად დელეგატები უნდა აერჩიათ, ჩვეული ვნებათაღელვა და შეხლა-შემოხლა იყო.
კრებას ყველა ესწრებოდა სახალხო პოეტის – გალაკტიონ ტაბიძის გარდა!
აირჩიეს ასამდე დელეგატი და გაუგზავნეს ცეკას მდივანს – ვასილ მჟავანაძეს, რომელმაც მეორე დღეს შერჩეული მწერლები (სათანადო ინსტრუქციის გასაცნობად) დაიბარა და სიის ამოკითხვას შეუდგა. შუამდე არ იყო მისული, უცებ შეჩერდა და გაკვირვებულმა იკითხა:
– გალაკტიონი სადაა? არ აირჩიეთ?
დარბაზში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მჟავანაძემ გვერდით მჯდომ ირაკლი აბაშიძეს გადახედა, მერე სერგი ჭილაიას მიუბრუნდა და შეკითხვა გაუმეორა.
სწორედ ამ დროს დარბაზიდან ალეკო შენგელიას შეძახილი გაისმა:
– დაავიწყდათ, ბატონო! გალაკტიონისთვის სად ეცალათ, არც უხსენებიათო!
დარბაზში თავშეკავებული სიცილი გაისმა.
მჟავანაძემ დელეგატთა სიას სულ ბოლოში მიაწერა ჩვენი უპირველესი პოეტის სახელი და გვარი…”