5 ნოემბერი, 2022

დავით კლდიაშვილი ალექსანდრე ყაზბეგზე

მწერალი დავით კლდიაშვილი თავის კოლეგაზე ალექსანდრე ყაზბეგზე წერდა:

“მე ჩემი თვალით მინახავს, როგორ წერდა იგი თავის დრამას “ქეთევან დედოფალს”, როცა ბათუმის სასტუმრო “ევროპის” ნომერში ცხოვრობდა. ბევრი უსამართლოდ ექცეოდა სანდროს და ხანდახან ცხარე ცრემლით ატირებდნენ მას. ერთხელ “დროებაში” საოცარი ენით გალანძღა იგი, მიწასთან გაასწორა, რომ იტყვიან, როგორც პიროვნება, როგორც მწერალი, ილია ხონელმა. ძლივს დავაწყნარეთ საწყალი სანდრო, როცა ტირილი აუვარდა ფელეტონის წაკითხვის შემდეგ.

“ალბათ ვანო მაჩაბელი არ არის თბილისში, თორემ ის არ მისცემდა ნებას ამრიგად გაველანძღე ხონელს. დღეს მლანძღავენ, მიწასთან მასწორებენ ზოგიერთნი, მაგრამ მე მწამს, რომ მოვა ისეთი დრო, როცა ჩემს სახელს სხვანაირად ახსენებენ!” – თქვა სანდრომ.

ეს იყო მისი ღრმა რწმენა და ამით ნუგეშობდა იგი.

აღტაცებულმა მისი მოთხრობის “განკიცხულნის” წაკითხვით მე მივწერე წერილი და სანდროსგან მივიღე მაგიერი, რომელშიც იგი მწერდა: ნეტავი შენისთანა თანამგრძნობი მომეტებულად მყავდესო, ბევრი ისე მექცევა, თითქოს არც კი ღირდეს ჩემი ნაწერის წაკითხვაო.

რასაკვირველია, თბილისში ისეთებიც ჰყავდა სანდროს, რომლებიც დიდად აფასებდნენ და ხელს უწყობდნენ მას, ღატაკ ცხოვრებაში მყოფს.

დიდად ემადლიერებოდა ვანო მაჩაბელს, დიდი სიყვარულით იხსენიებდა ილია ჭავჭავაძეს. ვანო მაჩაბელს დიდი ლაპარაკი მოუვიდა ხონელთან სანდროს გაზეთში გალანძღვისათვის, რის შემდეგ ხონელმა მიატოვა რედაქცია და შეწყვიტა გაზეთში მუშაობა. ილია ჭავჭავაძემ ხელის მოსამართავად სანდროს მისცა “ივერიაში” დაბეჭდილი “განკიცხულნის” ამონაბეჭდი, ამგვარამდე მისცა რამდენიმე ასი ამონაბეჭდი “მოძღვრისა” . ეს მოთხრობა უცნაურად უყვარდა სანდროს და განსხვავებული აღელვებით ალაპარაკდებოდა ხოლმე, როცა მოთხრობების შესახებ სიტყვა ჩამოვარდებოდა. საყვარელმა ნაწარმოებმა დიდი მწუხარებაც გამოარონია სანდროს. ამონაბეჭდზე ილიამ ფასად მანეთი დააწერა.
– გერგებაო! – ეთქვა მას სანდროსთვის.
იონა მეუნარგიამ გაზეთში მოათავსა მოთხრობის გარჩევა: წერდა რომ ნაწარმოები სუსტიაო და უკიჟინებდა ავტორს, რომ ასეთი დიდი ფასი დაადო ასეთ სუსტ ნაწარმოებსო; და ვგონებ, ნათქვამიც ჰქონდა, რომ ეს მწერალს ალბათ სიხარბით მოსვლიაო. კარგად მახსოვს, რა გამწარებული იყო ამ წერილით სანდრო; გულამომჯდარი ტიროდა იმის გახსენებაზე. ამის შესახებ მან მეუნარგიას საუცხოო საპასუხო წერილი მისწერა…

გაგიჟებით უყვარდა სანდროს სცენა, მაგრამ, საუბედუროდ, ძალზე სუსტი მსახიობი იყო. სამაგიეროდ, ლეკურის გასაოცარი მოცეკვავე იყო. უცნაური, ლამაზი რამ იყო მისი თამაში ორი ხანჯლით, მაყურებელს თან ხიბლავდა მისი სიმარდე, თან შიშს გვრიდა.

– სანდრო, თუ კაცი ხარ, თავი გაანებე მაგ ხანჯლებით თამაშს, ფეხებს დაიჭრი ერთ დღესაც და ეგ იქნება! – ვეუბნებოდით ხოლმე, რაზეც იგი მხოლოდ სიამოვნებით იცინოდა.

მეტად შევიწროებულ ცხოვრებაში იყო საწყალი სანდრო, მაგრამ წერას თავს არ ანებებდა. დაბოლოს, დასნეულებული იგი მოათავსეს მიხეილის საავადმყოფოში. ამ დროს კიდეც გამოიცა მისი მოთხრობები სამ ტომად. გამოცემული წიგნები მიუტანეს ავადმყოფს, მან გადაშალა, დააცქერდა თავის პორტრეტს, მერე ამოხია იგი, წიგნის ფურცლებიც მიხი-მოხია და გადაყარა იქით.

მოკვდა სანდრო ისე, რომ სიხარული არ უგრძვნია როგორც მწერალს. მისი წიგნები კი საოცარი სისწრაფით ვრცელდებოდა და აყვარებდა ხალხს მის დამწერს…”