25 ნოემბერი, 2022

ალექსანდრე ლორთქიფანიძის ძალიან კარგი წერილი

მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე ძალიან კარგ წერილს გვთავაზობს.

გადაცემა “წიგნების თაროს” წამყვანის ჩანაწერი ქალებს და მათზე ძალადობას ეხება:

“სინამდვილეში, მკვლელი კაცები ქალების მკვლელობისთვის ბევრად ადრე იწყებენ მზადებას.

თავდაპირველად ქალებს კლავენ დაბადებამდე. საქართველოში კრიტიკულად დიდია შერჩევითი აბორტების რიცხვი. შვილზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ ის გოგოა – არის კი რამე ამაზე უფრო საზიზღარი?

მერე ქალებს კლავენ ბავშვობაში, როცა მათ უნერგავენ კაცებისადმი მორჩილებას, როცა არწმუნებენ, რომ ძმა უპირატესია, და ზოგადად, როცა ქმარს ჩაბარდება, მისი საკუთრება ხდება.

შემდეგ ქალებს კლავენ მოზარდობისას, როცა გოგონებს მისწრაფებებსა თუ ოცნებებს უფილტრავენ. როცა უდგენენ რა არის მათი სფერო და რა არა, რა უნდა აკეთონ და რა პროფესია “არ უხდება ქალს”.

შემდეგ ქალებს კლავენ ახალგაზრდობაში, როცა მათი მაღალი აკადემიური მოსწრებისა თუ ნიჭის მიუხედავად, პირველ სამსახურებსა და პირველ კარიერულ საფეხურზე ბიჭებს ანიჭებენ უპირატესობას. ასეა უამრავ სფეროში, იქნება ეს ხელოვნება, თუ პოლიტიკა. “ქალი რეჟისორი არ დაიჯერო” – რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ მსმენია საკმაოდ დაფასებული ხალხისგან. და ეს მხოლოდ ერთი სფეროს მაგალითია.

შემდეგ ქალებს კლავენ შეყვარებულობისას, შეზღუდვებითა და კონტროლით.
შემდეგ ქალებს კლავენ დაოჯახებისას, ხელოვნური ქორწინებებითა თუ ნაძალადევი კავშირებით.

შემდეგ ქალებს კლავენ ოჯახში, მათ შორის ქალის საკუთარი მშობლები და ახლობლებიც: “მაგის გამო ოჯახს ნუ დაანგრევ”, “შენ ქმარს შენ თვითონ მიხედე, შიგნით მოაგვარეთ”, “სახელი არ გაგვიტეხო” და ა.შ.

ამის შემდეგ ქალებს ფიზიკურადაც კლავენ.

და როდესაც ქალს ფიზიკურად კლავენ, ქალთა მკვლელობა მერეც არ სრულდება. მოკლულ ქალებს ხელმეორედ კლავენ შეფასებებითა და კომენტარებით: “იქნებ მოსაკლავი იყო და”, “ტყუილუბრალოდ არავინ მოკლავდა, ამ დონემდე მიიყვანა, ალბათ, კაცი” და ა.შ.
და თუ ამ ყველაფერს ქალი როგორღაც გადაურჩა, გაექცა, დაემალა, გადალახა, დაამარცხა და საკუთარი გზა გაიკვალა, ჯერ კიდევ არაა გარანტია, რომ მას არ მოკლავენ, როგორც ცოლს, რომელსაც “ქმარი ვერ შეუნარჩუნებია, როგორც დედას, რომელსაც “შვილი ვერ გაუზრდია” და ა.შ.

ფემიციდი მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, მთელი ძირი კი საზოგადოების კულტურისა და მენტალიტეტის წყალქვეშ ტივტივებს.”