28 ნოემბერი, 2022

300.000-დოლარიანი გრანტი ხელოვნების სასახლეს

საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმმა აშშ-ის საელჩოს გრანტი – 300 ათასი დოლარი – მოიპოვა. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მუზეუმში გამართულ ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

გრანტის მიზანია ზუგდიდის დედოფლისეული სასახლის რამდენიმე საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაცია, ასევე – ისტორიული ნივთების რესტავრაცია და კონსერვაცია. გრანტით გათვალისწინებულ სამუშაოებში, ზუგდიდის დადიანების სასახლის თანამშრომლებსა და უცხოელ კოლეგებთან ერთად, ჩაერთვებიან ხელოვნების სასახლის თანამშრომლები.


აღსანიშნავია, რომ შარშან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელებული რეაბილიტაციის შემდეგ ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეულ სასახლეში ახალი საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცეები გაიხსნა, დედოფლისეულ სასახლეში კი ახალი ექსპოზიცია გამოიფინა.

ნიკოსეული სასახლის სრული რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით 2016-2019 წლებში განხორციელდა, „ქართუს“ შემდეგ კი სასახლეების აღორძინების საქმეში სამინისტრო ჩაერთო.

კულტურის სამინისტროს დაფინანსებით სასახლეში გადაუდებელი სამუშაოების პირველი ეტაპი 2021 წელს ჩატარდა და დამთვალიერებელს საშუალება მიეცა, დედოფლის სასახლე სრულად დაეთვალიერებინა და ახალი ექსპოზიცია ენახა, სადაც ნივთების უმრავლესობა პირველად გამოიფინა. უნდა აღინიშნოს, რომ ეკატერინე დადიანის რეზიდენციაში მთავრისეული დარბაზი, უფლისწულ ანდრიას ოთახი და იმპერატორების გალერეა ჩამონგრეული ჭერის გამო ნახევარ წელზე მეტ ხანს დაკეტილი იყო.

სამომავლოდ საგამოფენო სივრცეების მეცნიერული კვლევა და სრული რეაბილიტაციაც იგეგმება.