ვახტანგ კოტეტიშვილის საოცარი წერილი თბილისზე

ფოლკლორისტმა და ლიტერატურათმცოდნემ ვახტანგ კოტეტიშვილმა თბილისზე საოცარი წერილი დაგვიტოვა, რომელიც ნანა კობალაძემ გაგვიზიარა:

„კარგა ხანია, რაც ტფილისი ბაბილონად არის გადაქცეული. საბჭოთა რეჟიმამდეც ისე იყო ტფილისის კარები ყოველმხრივ გაღებული, რომ ყველა არხეინად დაბრძანდებოდა ჩვენ დედაქალაქის ქუჩებში, რაც ისედაც მძიმე ატმოსფეროს უფრო ამძიმებდა.

…დღეს გაცილებით უარესი მდგომარეობა არის შექმნილი. მთავრობის გამოცვლამ ისეთი წარმოდგენები დაუბადა ყველას, თითქოს ყველა გზები გახსნილია და პასაჟად გადაქცეულ საქართველოში ყველა შემოქროლდება სურვილისამებრ… სპეკულიანტი, შარლატანი, შავრაზმელი, ქურდი, „დიდ რუსეთზე“ მეოცნებენი, უვარსკვლავო თუ ვარსკვლავიანი ქართველთმოძულენი…

…ტფილისი საქართველოს ფუძეა.
რასაც განიცდის ტფილისი, იმას განიცდის საქართველოც. ტფილისის ქაოსში გადაგდება – ეს საქართველოს წაშლა, ტფილისის გადაქცევა უცხო, საეჭვო მოსაქმეების არენად – ეს ჩვენი ერის საწველ ფურად გადაქცევაა, და ვინც ტფილისს არ უპატრონებს, ის ერის გულგრილი მესვეურია, ის პირდაპირ ერის ინტერესების დამწიხლავია.

…ჩვენ ველით ტფილისის განწმენდას.
დღევანდელი ტფილისი საშინელია.”