29 ოქტომბერი, 2022

უნიკალური ბეჭედი ხელოვნების სასახლის საგანძურში

ხელოვნების სასახლის საგანძურის კოლექციას უნიკალური ბეჭედი შეემატა.

გიორგი კალანდია,  ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“უნიკალური ბეჭედი ხელოვნების სასახლის საგანძურის კოლექციაში – არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი მუზეუმის საგანძურის შევსებაში მთელი ქართველობა გვეხმარება.

აი, ერთი მაგალითი: ემიგრანტ, ბატონ მინდია კავთელაძის დახმარებით ერთ-ერთ ევროპულ აუქციონზე შევიძინეთ: ვერცხლის, ფირუზის თვალით დამშვენებული, ფილიგრანული ბეჭედი. სამკაული მრავალმხრივაა საინტერესო, გარდა იმისა, რომ ის ძალიან საყურადღებო მსგავსებებსა და პარალელებს ავლენს ქართულ ფილიგრანთან (თუმცა, ეს ჯერ კიდევ სამომავლო კვლევა-ძიების საკითხია) სამკაული საყურადღებოა იმითაც, რომ მას ე.წ. საიდუმლო ჯიბე გააჩნია…

ამ საიდუმლო ადგილას, გადმოცემის მიხედვით, XIX საუკუნის მანდილოსნები ინახავდნენ ნივთიერებას, რომელსაც მეჯლისებზე გადაღლილები გულის შეწუხებისა და თავბრუსხვევის წინააღმდეგ იყენებდნენ, ზოგჯერ კი მასში კონკურენტების დასაჩაგრ საწამლავსაც მალავდნენ…

ასე რომ, ჩვენს კოლექციას საიუველირო ხელოვნების უდაოდ საინტერესო ნიმუში შეემატა.”