13 ოქტომბერი, 2022

უძვირფასესი მიძღვნა მერაბ კოსტავას

ეროვნულ გმირს – მერაბ კოსტავას უძვირფასესი სიტყვები მიუძღვნა დიდებულმა პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა:

,,მერაბ, საით წახვედი, ასე კარგდანახული?!.” – 1989 წლის 13 ოქტომბერს, სოფელ ბორითთან, სახიფათო მოსახვევში, საქართველოს ეროვნული გმირი, მერაბ კოსტავა, მოკლეს!.. დიდება ქართველ გმირებს!
დიდება ქრისტესმიერ ძმებს მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას!

იმ საბედისწერო დღეს კოკისპირულად წვიმდა… მახსოვს, ,,კინოს სახლთან” შევიკრიბეთ… მერაბის სიკვდილის დაჯერება არა და არ გვსურდა!.. მერაბი გარდაიცვალაო! – გვაუწყეს. თავზარდაცემულები მივუყვებოდით თბილისის ქუჩებს… მანქანები ჩერდებოდნენ, რა მოხდაო? – გვეკითხებოდნენ ქართველები!.. მერაბი გარდაიცვალა! – ვყვიროდით ჩვენ!.. მერე სპორტის სასახლესთან გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს შევუერთდით!.. სახლამდე ძლივს მივაღწიე და, წვიმაში გალუმპულმა, ერთი ამოსუნთქვით დავწერე ლექსი ,,ზარი”. ფურცელს წვიმის წვეთები და ცრემლი ეწვეთებოდა…
ეს ლექსი ,,კინოს სახლის” კედელზე გავაკარით, შემდეგ,,ლიტერატურულ საქართველოში”დაი-
ბეჭდა… შემზარავი, უმძიმესი დღეები იყო!..

ზარი
უცებ ცა ჩამოგვექცა თავზე, მერაბ!
წვიმამ მოგვიტანა სიკვდილის ამბავი, მერაბ!
ერისკაცი მოუკვდა საქართველოსო, მერაბ!
მერაბ კოსტავამ მიგვატოვა სამუდამოდო, მერაბ!
თბილისი დატოვა და უკან ვერ დაბრუნდაო, მერაბ!
ზეციურ საქართველოში გადასახლდაო, მერაბ!
სანთლად ენთო და სანთელივით ჩაიფერფლაო, მერაბ!
კაცი იყო და კაცურად იცხოვრაო, მერაბ!
სამშობლო უყვარდა და ზვარაკად შეეწირაო, მერაბ!
წმინდა იყო და ღვთისმშობელმა მოითხოვაო, მერაბ!
შავად შეიმოსა ისევ თბილისი, მერაბ!
ისევ ტირიან რუსთაველზე ჭადრები, მერაბ!
სიმწრით ღმუიან პატარა ლეკვები, მერაბ!
იცრემლებიან სათნო გოგონები, მერაბ!
ფრთამოტეხილი დაგვტოვაო, მერაბ!
გაგვაქვავა და დაგვამუნჯაო, მერაბ!
ირაკლის მამა მოენატრაო, მერაბ!
მამა მოენატრა და წაიყვანაო, მერაბ!
ეკას და ნათიას პატრონი უნდათო, მერაბ!
ბავშვები არიან, უჭირთ მარტოობაო, მერაბ!
ელისო მოგვიკითხე – ჭიპაშვილი, მერაბ!
თამუნა დოლიძე მოგვიკითხე, მერაბ!
გია ქარსელაძე, მამუკა ნოზაძე,
თამრიკო ჭოველიძე მოგვიკითხე, მერაბ!
ნაზი შამანაური მოგვიკითხე, მერაბ!
ვოვა ვეკუა მოგვიკითხე, მერაბ!
ნინო, მარინე, ნანა, ნოდარი მოგვიკითხე, მერაბ!
ქაქუცა ჩოლოყაშვილი მოგვიკითხე, მერაბ!
ილია ჭავჭავაძე მოგვიკითხე, მერაბ!
მღვდელი თევდორე, ქეთევანი მოგვიკითხე, მერაბ!
დიმიტრი, დავითი, თამარი მოგვიკითხე, მერაბ!
დავითს გადაეცი, ნუ გეშინია-თქო, მერაბ!
საქართველო ცოცხალია-თქო, მერაბ!
ან გაწყდებიან, ან გაიმარჯვებენ-თქო, მერაბ!
შავლეგს მღერიან, ლილეოს-თქო, მერაბ!
სიკვდილს სიმღერით ხვდებიან-თქო, მერაბ!
სულის ზეიმია საქართველოში, აღდგომაა-თქო, მერაბ!
შინდისფერ დროშებზე გადაგატარებთ, მერაბ!
ცრემლი არ შეგშვენის, მაინც დაგიტირებთ, მერაბ!
სიტყვას არ გავტეხთ, არ გიღალატებთ, მერაბ!
კიდევ დაიზრდებიან კოსტავები, მერაბ!
შენი ჯიშის და შენი გენის, მერაბ!
ზეცაში ამოგძახებენ, – თავისუფალიაო საქართველო, მერაბ!
მტერი დამარცხდა, დასამარდაო, მერაბ!
მუმლი მუხასაო, მერაბ!
გარს ეხვეოდაო, მერაბ!
მუმლი კვდებოდაო, მერაბ!
მუხა რჩებოდაო, მერაბ!”