შიო მღვიმელი ვაჟა ფშაველაზე

საბავშვო მწერალი და პოეტი შიო მღვიმელი ვაჟა ფშაველას უკანასკნელ დღეს უდიდესი სევდით იხსენებდა:

“სწორედ სიკვდილის წინა დღით, როცა საავადმყოფოდან გამოვდიოდით მე და სანდრო და ვემშვიდობებოდით ვაჟას (თურმე ეს გამომშვიდობება უკანასკნელი იყო), დაგვავალა – მეორე დღისათვის მიგვეტანა ყარფუზი – საზამთრო.

– თუ ბიჭები ხართ, კარგი აარჩიეთ, ბედასლი რამე არ წამოიღოთო. მინდა იმითი მაინც გავისველო ამომშრალი ხახა, გავიგრილო გული. აჰა, დაიჭით ფული, ვიცი თქვენს ყელში არაფერი ჩაივლისო, – ჩაიცინა თავისებურად ულვაშებში და წაიღო ბალიშისაკენ ხელი.

ვაჟას მუქთახორობა არ უყვარდა.

მეორე დღეს სანდრო, ფოსტაში სამსახურის გამო, კარგა ხანს დაგვიანდა. ამიტომ ნაგვიანევად მოგვიხდა ვაჟასთან წასვლა. საზამთრო ვიყიდეთ ერთად. მე წავედი წინ ნელ-ნელა, სანდრომ კი ოჯახში აირბინა, მლეთის ქუჩაზე, მიხა რაზიკაშვილისაგან გორიდან გამოგზავნილი და აქ ჩახოხბილი ნანადირევი მწყრების წამოსაღებად. მწყრები ამ დილით ჩამოეტანათ განსაკუთრებით ვაჟას სასიამოვნოდ. მიხა რაზიკაშვილს ძალიან უყვარდა თავისი დედის ძმა – ბიძია ვაჟა.

სანდრო რომ მოვიდა, მე დღევანდელი უნივერსიტეტის ეზოში დავუხვდი და გულმა აღარ გამწია ვაჟასთან ასასვლელად.

– მოდი, მე ნუღარ ამიყვან, ცუდად ვარ-მეთქი, – ვუთხარი სანდროს.

სანდროს ეზოს გარეთ, დასავლეთის მხრივ მინდორზე დიდხანს ვუცადე. იქ უნდა მოსულიყო, მაგრამ ეს კაცი აღარ გამოჩნდა, ვიფიქრე, უთუოდ ვაჟამ შეაგვიანა და აღარ გამოუშვა-მეთქი.

სანდრო რომ ავიდა და აიტანა საზამთრო და ჩახოხბილი მწყრები, ვაჟა მკვდარი დახვედროდა და ტყვიანაკრავივით გამოვარდნილიყო და გაქცეულიყო შინისაკენ, მე აღარ გავხსენებოდი.

როგორც ზემოთა ვთქვი, ვაჟა ისე მოკვდა, რომ ვერც ძმამ, ვერც რძალმა და ვერც მეგობრებმა ვერაფერი გაიგეს. წინა დღით სრულს გონებაზე მყოფ და მოაზროვნე-მოლაპარაკე კაცს, ვინ მოიფიქრებდა რომ ცოცხალს ვეღარ ვნახავდით…”