9 ოქტომბერი, 2022

ნუცა ღოღობერიძე – პირველი ქალი რეჟისორი საქართველოში

ალბათ ბევრმა არ იცით, რომ ნუცა ღოღობერიძე პირველი ქალი რეჟისორია როგორც საქართველოში, ასევე ყოფილ საბჭოთა კავშირში, ვინც მხატვრული ფილმი გადაიღო.

ნუცა ღოღობერიძე საინგილოს სოფელ კახში დაიბადა. მამისს ბართლომე ხუციშვილს გორის სამასწავლებლო სემინარია ჰქონდა დამთავრებული და საინგილოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. როცა საინგილოში არეულობა დაიწყო, მათი დიდი ოჯახი კახეთში – ცოდნისკარში გადმოსახლდა. მამა საკუთარი ქალიშვილების განათლებაზე გამორჩეულად ზრუნავდა – ექვსივე ქალიშვილმა უმაღლესი განათლება მიიღო, რაც იმ დროის საქართველოში იშვიათობა იყო.

ნუცამ წარჩინებით დაამთავრა თბილისის გიმნაზია, ფლობდა რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებს, ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, იმავე განხრით სწავლობდა გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში. იენიდან დაბრუნებული ნუცა ძმის, რაჟდენის ოჯახში შეხვდა მის ცოლისძმას — ბოლშევიკური იდეებით შთაგონებულ ახალგაზრდა კაცს – ლევან ღოღობერიძეს. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი, თუმცა ამ ურთიერთობას კატეგორიულად ეწინაღმდეგებოდა რაჟდენი. ორ ოჯახს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ რაჟდენი ბოლოს თავის ცოლს, ლიზასაც კი გაშორდა. ნუცას და ლევანს დიდი სიყვარული აკავშირებდათ, თუმცა, ნუცა ქმარს ბევრ არსებით იდეოლოგიურ საკითხში არ ეთანხმებოდა. უთანხმოება სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა და ბოლოს მათი ფაქტობრივი დაშორების მიზეზიც გახდა.

გერმანიიდან დაბრუნებული, 25 წლის ასაკში ნუცა ღოღობერიძე გახდა პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში და მხატვრული ფილმების დამდგმელი პირველი ქალი საბჭოთა კავშირში. სულ სამი ფილმის გადაღება მოასწრო. პირველი დოკუმენტური ფილმი მან გადაიღო მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად, სახელწოდებით „მათი სამეფო“, რომელშიც გამოყენებული იყო იმდროინდელი ნოვატორული „კონტრასტული მონტაჟის“ სტილი. ნუცას მეორე ფილმი იყო „ბუბა“. ფილმის მხატვარი იყო დავით კაკაბაძე. ეს იყო იმ დროისათვის გავრცელებული დოკუმენტურ-პროპაგანდისტული ფილმი ნათამაშები სცენებით, რასაც მაშინ „კულტურფილმს“ უწოდებდნენ და რაც თავისი სააგიტაციო და საგანმანათლებლო ფუნქციის გამო, მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე საოცრად პოპულარული ჟანრი იყო კინოში.

1928 წლის ივნისში შედგენილ სახკინმრეწვის თანამშრომელთა სიაში, ნუცა ღოღობერიძე ერთადერთი ქალია. მას თანარეჟისორის შტატი ჰქონდა და 160 მანეთი ხელფასი, მაშინ როდესაც მიხეილ კალატოზიშვილს ოპერატორის შტატი და 350 მანეთი ხელფასი, ალექსანდრე დიღმელოვს კი, როგორც დამსახურებულ და უძველეს თანამშრომელს — 600 მანეთი. მხოლოდ ამ ციფრებიდანაც კარგად ჩანს, რომ საბჭოთა კავშირის 20-იან წლებშიც კი, ქალის შრომა უფრო დაბალანაზღაურებადი იყო, ვიდრე მამაკაცის, შესაბამისად, თანასწორობის იდეა უკვე დასაწყისშივე ეფემერული რჩებოდა.

ნუცა ღოღბერიძემ გადაიღო მხატვრული ფილმი „უჟმური“, რომლის სცენარმაც ინტენსიური გადაკეთება-გადმოკეთება განიცადა. ფილმის „უჟმურის“ განხილვისადმი მიძღვნილ სხდომაზე ითქვა:

„სურათი დამაკმაყოფილებლად უნდა იქნას აღიარებული, ის კარგადაა გაკეთებული… ამ სურათის, უფრო სწორად, ფილმის სცენარის ისტორია გრძელია. დასაწყისში სცენარი დაიწერა კულტურფილმის დასადგამად, მაგრამ მერე, როცა კურსი აღებულ იქნა მხატვრულ ფილმებზე — დაიწყო გაუთავებელი გადაკეთებები სცენარისა, რომლებიც მიზნად ისახავდა სახიობით მხატვრულ ფილმზე მისადაგებას, ყველაფერს ეცადნენ, რომ მიეღოთ საინტერესო სიუჟეტი.“

თავად ნუცა ღოღობერიძე თავის სიტყვაში ამბობდა:

„სკპ (ბ) ცკ-ს 23 აპრილის დადგენილების გარკვეულ მითითებათა მიუხედავად, სამწუხაროდ თქვენ ყველა ჩვენგან აგიტფილმს მოითხოვთ, რომელშიც წარმოჩენილი უნდა იყოს საბჭოთა ხელისუფლების მუშაობის ყოველი მხარე, ითხოვთ ერთ სურათში ყველაფერი იმის ჩატევას, რასაც პარტია და ხელისუფლება ჩვენს კავშირში აკეთებს… ჩვენთან ისეთი მდგომარეობაა, რომ ვიმყოფებით გზასაყარზე, საიდანაც ყველა მიმართულება სასიკვდილოა.“

„უჟმური“ 1934 წლის ბოლოს გამოვიდა ეკრანებზე, რომელიც პირველი ქართული და ამავე დროს პირველი საბჭოთა მხატვრული ფილმი გახდა, გადაღებული რეჟისორი ქალის მიერ.

ნუცა ღოღობერიძის შევიწროვება ქმრის, ცნობილი საბჭოთა პარტმუშაკის, ლევან ღოღობერიძის გამო 30-იანი წლების შუა ხანებიდან დაიწყო. 1937 წლის 21 მარტს ლევანი დახვრიტეს, რადგან ბერიას მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო. ნუცა კინოდან გააძევეს და მეგობრებმაც მიატოვეს. კეთილდღეობისას ღოღობერიძეთა ოჯახის ხშირი სტუმრები იყვნენ კოტე მარჯანიშვილი, პეტრე ოცხელი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და გერონტი ქიქოძე.

როდესაც ნუცა უმუშევარი დარჩა, გერონტი ქიქოძემ, შარლ პეროს ზღაპრების თარგმანზე დაუდო ხელშეკრულება გამომცემლობას, ტექსტი კი ნუცა ღოღობერიძეს ათარგმნინა და ჰონორარიც მას გადასცა. წიგნი, გერონტი ქიქოძის სახელით გამოიცა, თუმცა, მისი ასეთი საქციელი მაშინ გმირობის ტოლფასი იყო.

დაპატიმრებულმა ლევანმა ციხიდან მისწერა ნუცას, დაეწერა, რომ დაშორებული იყო მასთან და დაჭერას გადარჩებოდა, მაგრამ ნუცამ ასეთი საქციელი სულმდაბლობად მიიჩნია და შეთავაზება უარყო. ნუცა ღოღობერიძე 1937 წლის მიწურულს დააპატიმრეს და 10 წლით გადაასახლეს საკონცენტრაციო ბანაკში „პოტმა“, შემდეგ ვორკუტის ქალთა საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც თავშეყრილი იყო ათასობით ქალი, სახელწოდებით „ჩესეირი“ (член семьи изменника родины), რომლებიც უბრალოდ მილიონობით „ხალხის მტრებად“ წოდებულთა ცოლები იყვნენ და სასამართლოს განაჩენის გარეშე ექვემდებარებოდნენ დაპატიმრებას:

„ჩვენთან ისეთი მდგომარეობაა, რომ ვიმყოფებით გზისგასაყარზე, საიდანაც ყველა მიმართულება სასიკვდილოა. ალბათ ნამდვილი საფრთხის წინაშე შიშის გრძნობა მართლა ყუჩდება. არქიპელაგი გულაგი ჩემი ქვეყანაა. მე იქ ათი წელი ვიცხოვრე.“

საკონცენტრაციო ბანაკიდან 10 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულ ნუცას, აღარ უცდია კინოში მუშაობის გაგრძელება. დაიწყო ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილებაში მუშაობა და რამდენიმე წელიწადში სამ აკადემიკოსთან ერთად, არნოლდ ჩიქობავას ინიციტივით, განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის ერთ-ერთი შემდგენელი გახდა.

ნუცა ღოღობერიძე არაა მოხსენიებული არც ქართულ საბჭოთა ენციკოპედიაში და არც რომელიმე სხვა ცნობარში, გარდა ქართული კინოს ფილმოგრაფიებისა.

XXI საუკუნეში ნუცა ღოღობერიძის მოთხრობების კრებული „ბედნიერების მატარებელი“ გამოიცა. მას რეჟისორის ქალიშვილის, ლანა ღოღობერიძის წინათქმა აქვს დართული. ნუცა ღოღობერიძის შვილიშვილი ნუცა ალექსი-მესხიშვილიც ბებიისა და დედის კვალს გაჰყვა და რეჟისორია.

ლანა ღოღობერიძემ დედის ხსოვნას ფილმი “ვალსი პეჩორაზე” მიუძღვნა.