5 ოქტომბერი, 2022

ხანგრძლივი სიცოცხლის 3 მიზეზი შალვა ამონაშვილისგან

ფსიქოლოგი და პედაგოგი შალვა ამონაშვილი ათასობით გულშემატკივარს ხანგრძლივი სიცოცხლის სამ მიზეზს უმხელს:

“ხანგრძლივი სიცოცხლის სამი მიზეზი

ხშირად მეკითხებიან: რა არის თქვენი ხანგრძლივი სიცოცხლის პირობები, რას ჭამთ, ან როგორ ცხოვრობთო. მე არავისთვის მაგალითი არა ვარ, ჩემზე ხანგრძლივად ამ ქვეყნად ბევრს უცხოვრია, ახლაც ცხოვრობს და კვლავაც იცხოვრებს. ვინ სუფთა ჰაერს დაიმოწმებს, ვინ – მაწონს ვჭამო, ვინ – ღვინოს არ ვსვამ და ხორცს არ ვეტანებიო. არიან ისეთებიც, ვინც ღვინოსაც სვამდა, მწვადებსაც მიირთმევდა, ჩიბუხსაც აბოლებდა და ას წელსაც გადააბიჯა.

ძნელია ხანგრძლივი სიცოცხლის უტყუარი პირობა მხოლოდ მიწიერებაში ეძიო. არის სულიერი ხასიათის მიზეზებიც, რაც ადამიანის სიცოცხლეს ნამდვილად ახანგრძლივებს.

ერთ-ერთ მოძღვრებაში ამოვიკითხე, რომ ადამიანის სიცოცხლე შეიძლება გაახანგრძლივოს სამმა მიზეზმა:

პირველია, როცა ადამიანი ესწრაფვის დაასრულოს საზოგადოებრივად საკეთილდღეო წამოწყება.

მეორეა, როცა ადამიანს მთელი გულით უნდა ვინმეს ან რაიმე კეთილ საქმეს ხელი შეაშველოს.

მესამეა, როცა ადამიანი თავს ვალდებულად თვლის ხალხს სწორად გააგებინოს მოვლენები, რომელთა მოწამე თავად იყო.

ამ მიზეზებს ხელი არ უნდა შეუშალოს რაიმე უარყოფითმა თვისებამ – უპირველეს ყოვლისა შიშმა. შიშნარევი მისწრაფება საიმედო არ არის, შიში კლავს სიცოცხლეს. ამასვე სჩადის ბოროტება, შური, ღალატი, თავკერძობა, სიძულვილი და სხვა მიწიერი თვისებანი. ადამიანი მარტო სიტყვებით ვერ დაამტკიცებს, რომ თავგანწირულად მოქმედებს. თავგანწირვა სულის სიღრმიდან უნდა მომდინარეობდეს. ასეთია ხანგრძლივი სიცოცხლის ჭეშმარიტება.

კვეხნად ნუ ჩამითვლით, თუ მოგახსენებთ: ეს სამი მიზეზი დიდი ხანია მამოძრავებს და, ალბათ, კიდევ დამჭირდება დრო, რომ ჩემში მათი მნიშვნელობა ამოვწურო.

სიყვარულით შალვა ამონაშვილი”