4 ოქტომბერი, 2022

გალაკტიონ ტაბიძის წერილი იოსებ გრიშაშვილს

გალაკტიონ ტაბიძე თავის კოლეგას იოსებ გრიშაშვილს წერილებს სწერდა.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ, რომელიც 1912 წელსაა დაწერილი:

“იცი, საყვარელო სოსო, ამ ბოლო დროს რაღაც უჩინარი სენი მეპარება. საშინელი სენი მარტოობისა, ესეც ხომ თავისებური ავადმყოფობაა, და, ვით სიკვდილით დასჯილი სახრჩობელას წინ, თვალით ვეძებ მონათესავე სულს… საშინელებაა!

აშკარად ვგრძნობ ჩემს ობლობას, ჩემს უთვისტომობას, ჩემს მარტოობას…

მე დღეს შესაძლებელია ორასი ადამიანი ვნახო და დაველაპარაკო, შეიძლება გული გადავუხსნა კიდეც წუთის გავლენის ქვეშ… და მაინც მარტო ვარ…

ამიხსენი, მეგობარო, ეს მდგომარეობა…

ოჰ, ჩემი მოხეტიალე სული სიყვარულს თუ წააწყდება სადმე, თორემ ერთ დადინჯებულ ფიქრ-სიყვარულს ვერ შეჰქმნის… მაინც მე ვერაფერი გამიგია ამ ჩემთვის უცნაური გრძნობის.

ჩემი სიყვარული შორეულის ტრფიალი არ არის და ვერც ახლოსა სწვდება მას.
და მგონია, არც კი მიყვარს ვინმე…
მარტო ვარ, მარტო…

რა გაეწყობა,
მარტო ვარ… მარტო…”