11 ოქტომბერი, 2022

ბესიკ ხარანაული უკრაინაზე

პოეტი ბესიკ ხარანაული უკრაინას თავისი შესანიშნავი სტროფებით ამხნევებს და იოსებ ნონეშვილის ლექსს “უკრაინა” იხსენებს:

“მახსოვს, ქართველი პოეტი,
ორმოცი წლის წინათ,
ის მღეროდა,
“უკრაინა,
ტკბილო უკრაინა!“
მახსოვს, უკრაინელ სტუმრებს
როგორ მოელხინა,
რადგან გარეთ გაეღვიძა,
რასაც შინ ეძინა,
თითქოს მონა ყოფილიყო,
უკუნისიმდინა.
„უკრაინა, უკრაინა,
ტკბილო უკრაინა!“
მაგრამ გატყდა ცაზე ელვა,
მეხმა დაიგრგვინა,
მაღლა დარი,
ქვემოთ წვიმა,
სისხლის,
ცრემლის წვიმა,
უკრაინამ გაიღვიძა,
ძილი მოიწყინა,
ხალხები დედამიწისა
მიეგებნენ წინა,
„შენთანა ვართ, უკრაინა,
ტკბილო უკრაინა!“
ის აღარ ხარ, რაც იყავი,
საუკუნეთ წინა,
ყველას მაგიერ შენ იბრძვი
ღმერთმა გაგაბრწყინა,
შენ ყველას გვანთავისუფლებ,
ყველას უკრაინა!
არასოდეს არ მომხდარა
ადამჟამის ხნიდან:
სიკეთე და ბოროტება
ერთურთს შეერკინა,
იქეთ ძველი სამყაროა,
აქეთ უკრაინა,
მწამს,
სიკეთე გაიმარჯვებს,
მწამს,
რომ – უკრაინა!
ცაზე ბევრი ვარსკვლავია,
ზოგი უფრო ბრწყინავს,
დღეს ხალხებში პირველი ხარ,
ყველას უკრაინა,
უკრაინა, უკრაინა,
ჩემო უკრაინა!”