28 ოქტომბერი, 2022

აკა მორჩილაძე ოთარ ჭილაძეზე

მწერალი აკა მორჩილაძე თავის უფროს კოლეგაზე – ოთარ ჭილაძე განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობს გამოცემაში „ოთარ ჭილაძე. 65 ამბავი“:

„წიგნი ისეთი რამეა, რომ მის კვალს სრულიად მოულოდნელ ადგილას გადააწყდები.

ერთხელ სკოლის ბიჭი ვიყავი და დიდი კაცების გაქანებულ ქეიფში მოვხვდი სრულიად შემთხვევით. იქ დიდი ძველებური სმა იყო გახურებული, შამპანურს სულ დიდი ჭიქებით სვამდნენ, როგორც იმ დროში იცოდნენ ხოლმე. ჰოდა, მთელი იმ ამბიდან ერთი რამ დამამახსოვრდა ყველაზე კარგად. ერთი მოსული კაცი, როგორც კი სუფრის წამიერი სიჩუმე ჩამოვარდებოდა, მოავლებდა ხელს თავის ჭიქას და იტყოდა დარდიანად: შავთვალება მალალოს გაუმარჯოს.

არ ვიცოდი, ვინ იყო შავთვალება მალალო. როგორც გაირკვა, ეს სახელი სამუდამოდ დამამახსოვრდა.

ეგ კიდევ არაფერი. წლების განმავლობაში შავთვალება მალალომ ჩემს წარმოსახვაში სრულიად ცხადი იერი შეიძინა. არ ვიცოდი, ვინ იყო, რა იყო, როგორი იყო, მაგრამ ქალი რომ იყო, ამას კი მივხვდი. მგონი, ეს საკმარისი იყო.

მერე, რომ წამოვიზარდე და „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ გადავფურცლე, შავთვალება მალალოც გავიცანი და ბევრი სხვაც.

ეს სხვა ლაპარაკია. მას ძნელად გავწვდები. ამ სამყაროს ვერ აღწერ და არც უნდა ეცადო. ეს სამყარო ოთარ ჭილაძის სამყაროა, ალბათ ყველაზე უფრო ხელით ნაკეთი იმ სამყაროთაგან, ქართველ რომანისტებს რომ შეუქმნიათ.

ახლა ვფიქრობ, რომ ის კაცი, შავთვალება მალალოს რომ ადღეგრძელებდა იმ ჩემთვის ბუნდოვან სუფრაზე, სულაც არ იყო დიდი მკითხველი და ეგებ ოთარ ჭილაძისა არც პოეზია ეკითხა და არც – რომანები. ერთი კარგი მოქეიფე კაცი იყო.

წიგნის იდუმალებაც ეს არის: იმ ხელით ნაკეთი სამყაროს სულ ერთი ციცქნა ნამტვრევი იდუმალი გზებით მოხვდა კაცის გულში და ისე დატრიალდა იქ, რომ ის მოქეიფე ვერ იშორებდა ამ სახელს და არც უნდოდა, რომ მოეშორებინა.

ბატონი ოთარისთვის ეს ამბავი არასდროს მომიყოლია. თუნდაც იმიტომ, რომ მას ერთადერთხელ შევხვედრივარ და მაშინაც, რა უცნაურიც უნდა იყოს, რატომღაც კრივზე ვლაპარაკობდით.

ან ეგებ იმიტომ, რომ ეს ამბავი ჩემთვის ასჯერ უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მისთვის, სამყაროების ნამდვილი შემქმნელისთვის.“