პოეტი რატი ამაღლობელი განსაკუთრებულ პოეტსა და მთარგმნელზე დავით წერედიანზე ძალიან კარგ მოგონებას გვიზიარებს:
“დავით წერედიანის „ათასწლოვანი, ბნელხმოვანი ელვარე ფრენა“:
ქართულში დედაჩემის მეგობართან, მანანა ქარქაშაძესთნ ვემზადებოდი.
მანანას ბიბლიოთეკაში ფრანსუა ვიიონის „დიდი და მცირე ანდერძის“ წერედიანისეულ თარგმანს წავაწყდი. წიგნი რასაკვირველია ვითხოვე და იმ საღამოსვე წავიკითხე, თუმცა ერთი თვე არ ვაბრუნებდი. ადგილებს ვაგემოვნებდი, ხმამაღლა ვკითხულობდი, ვუკითხავდი მეგობრებს.
წიგნთან განშორება გამიჭირდა, მაგრამ სხვა რა გზა იყო. ადგილები დღემდე ზეპირად მახსოვს.მალევე ნაწარმოების რუსულ თარგმანს გადავეყარე, შთაბეჭდილება თითქმის არ დამიტოვა, ველოდი ლექსის ფლობის იმგვარ ვირტუოზობას, რაც წერედიანის თარგმანს ასე გამოარჩევდა.
ამ მხრივ არაფერი განსაკუთრებული არ შემხვედრია „რუსულ ვიიონში“.
არადა იმ დროინდელ მკითხველ საზოგადოებაში მძლავრი სტერეოტიპი იყო ჩამოყალიბებული, რომ ევროპული ლიტერატურა თითქოს რუსულ ენაზე გაცილებით უკეთ „გამოიყურებოდა“, ვიდრე ქართულ თარგმანში.
ვფიქრობ, ხსენებული ცრურწმენის მსხვრევა თუ ვინმეს უკავშირდება, ეს პირველყოვლისა – დავით წერედიანია.
როგორც ვამბობდი, ჯერ სკოლის მოწაფე ვიყავი და უმაღლესში ჩასაბარებლად ვემზადებოდი, ამ დროს ინტენსიურად ვწერდი ლექსებს.
დედაჩემმა მკითხა, თუ ვისი აზრი იქნებოდა ჩემთვის საინტერესო, ვის ვანდობდი საკუთარი ლექსების შეფასებას, ჩემი პასუხი იყო – წერედიანი! საუბარს ესწრებოდა ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი ადამიანი, ლელა დუმბაძე. ლელამ დაურეკა დათოს მეუღლეს – მანანას და სულ რამდენიმე დღეში ლელა და მე, ჩემი ლექსების რვეულებით ხელში მანანასთან და დათოსთან სტუმრად მივედით. ეს იყო ჩემს ცხოვრების ერთ-ერთი არაჩვეულებრივი საღამო.
მე დავიწყე ლექსების კითხვა, დათო მისმენდა ყველანაირი შემფასებლური სიმაღლეებისა და ეჭვების გარეშე, ბავშვური გახსნილობით, ღიმილიანი მზერითა და კეთილგანწყობით. მესაუბრებოდა ჩემს ინტერესებზე, თუ რას ვკითხულობდი და რა მიტაცებდა, მიზიარებდა საკუთარ ბოლოდროინდელ შთაბეჭდილებებს წაკითხულ წიგნებზე, თარგმანებზე, თანამედროვე და კლასიკურ ლიტერატურაზე. მოკლედ, დღეს რომ ვწერ, ეს დათოს დამსახურებაა – იმ საღამოს მისი მხარდაჭერა ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.
მერე იყო ლიტერატურული პრემია „საბა“ და მისი ჟიური, სადაც მასთან ერთად რამდენიმეჯერ მომიწია მუშაობა. მშვიდი, დინჯი, გაწონასწორებული, მაგრამ პრინციპული, ხშირად მტკიცე და მებრძოლი, მუდამ არგუმენტებით აღჭურვილი. სადაც დათმობა იყო სწორი და შესაძლებელი, არასოდეს ჯიბრში არ ჩადგებოდა, ხოლო პრინციპულ პოზიციებს ბოლომდე, ჯიუტად დაიცავდა.
ასეთია მისი ლექსიც, ფორმით ლაღი, ახლებური, გახარებული ბავშვის თვალებივით ანთებული, აციმციმებული, შინაარსით და დრამატიზმით კი ღრმა, ტკივილიანი, ბედისწერასავით ზუსტი და გარდაუვალი.
მისი პოეზია რაღაცით სვანურ ფრესკებს გავს, სვანური ფრესკის წმინდანებს, საყოველთაო კანონიკურობისა და დოგმატიზმის მიერ შეუბოჭავ მათ სახე-ხატებებს, სადაც ყველაფერი ჯერ კიდევ უშუალოა, სადაც ლაზარე, წმინდა ივლიტა ყრმა კვირიკეთი რაღაცის მკვდარი ნიშან-სიმბოლო კიარა, ცოცხალი გამოცხადებაა, შესაბამისად მასთანაც ფრესკებია, ოღონდ ხმოვანი, მოჩურჩულე, მოლაპარაკე და ამოძრავებული.
წერედიანის ლექსში ამბავი (სამყარო) განუწყვეტლივ ვითარდება, აქ ჰაერის, სინათლის სტიქია – ქსოვს, ართავს. მეხსიერების წყალი კი უწყვეტი ნაკადით დის, მყარი მიწაც კი მოძრავია, მიმდინარეა, იგი წელიწადის დროებში სუნთქავს და თავად პოეტში იწყებს საუბარს: „ეს მოჟრიალე ძელგი მიწა რას ამბობს ჩემით…“ სწორედ ამ დიდი დროისა და დიდი სამყაროს მაცნეა წერედიანი. მისთვის პოეზიაც ამ უწყვეტ დენაში, ამ უწყვეტ ქსოვა-რთვაში ავტორის ცნობიერი ჩართვაა, რაც ადამიანურ სამყაროში გადმოდის, როგორც უწყვეტი წერა, უწყვეტი თხზვა (აქ უწყვეტობა არა რაოდენობრივს, არამედ თვისობრივს, ხარისხობრივს გულისხმობს).
პოეზია მეტად ზმნაა, მოქმედებაა, ვიდრე უკვე გაფორმებული და დასრულებული არსებითი სახელი. უკეთ აღსაქმელად გამოგვადგებოდა გერმანული “დიხტენ“ და შესაბამისად აქედან წარმოებული „დიხტუნგ“. ამ თვალსაზრისით უკეთესი გვარი ვერ ექნება ქართველ პოეტს, ვიდრე წერედიანია და ჭეშმარიტად მშვენიერია, როდესაც გვარი გამოხატავს არამარტო წარსულს და წინაპრებს, არამედ აწმყოს, მოწოდებას, საქმეს, პროფესიას, ანუ იგი ამავდროულად პიროვნულის და ინდივიდუალურის აღმნიშვნელია.
ვფიქრობ დავით წერედიანში გაისმა სამყაროს ხმა, აღიწერა სამყაროს სიტყვა, რომელიც დიდი პოეტების გარეშე უხმოა, ყრუა, გამოუთქმელი, მან კი გამოთქვა იგი წერით, თუ წერაში.”