7 სექტემბერი, 2022

მიკა მდინარაძისა და მირიან ხუხუნაიშვილის უდიდესი წარმატება

კომპოზიტორ მიკა მდინარაძისა და დირიჟორ მირიან ხუხუნაიშვილის შემოქმედებით ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. მიკა მდინარაძის ნაწარმოები “კირიე ელეისონ” გერმანიაში 27 ოქტომბერს ბერლინ კონცერტჰაუს სცენაზე მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით აჟღერდება.

მიკა მდინარაძე:

“ცოტა რამ ბერლინში, 27 ოქტომბერს დაგეგმილ კონცერტზე, სადაც ორი ქართველი არტისტი ერთად მოვხვდით საოცარი საკონცერტო დარბაზის და ორკესტრის სამყაროში.

არის ერთი სიფრიფანა, ნაზი, გამჭვირვალე გოგო, რომელსაც ქვია ჩემთვის მარო, ისე კი მარიამ ყარალაშვილი. სინაზემ და კრისტალურობამ არ მოგატყუოთ, მარიკას (ეს მისი მესამე ჰიპოსტასია) ბუნებრივი უწონადობის ქვეშ იმალება დიდი აიზბერგი შრომის, მუდმივი შემეცნების, ძლიერი ხასიათის, ხალასი ნიჭის და მიზანსწრაფვის კოლოსალური მასით. სახელოვნებო მენეჯმენტში უკვე გვყავს ღრმა და ძლიერი მოთამაშე მისი სახით და ეს ჯერ მხოლოდ პორველი ნაბიჯებია.

რომ არა ნანა ჯანელიძე და მისი “გალობის რაინდები”, ეს ნაწარმოები არ იქნებოდა.

თუ კი ვინმეს წარმატება მახარებს ცხოვრებაში პირველი მირიანია. მახარებს იმიტომ, რომ ყველა წინგადაგმული ნაბიჯი მისი შრომის და ნიჭის რეფლექსიაა, ეს ჯერ დასაწყისია, ისტორიის ბოლო ჯერ ძალიან შორსაა და ვიცი სავსე იქნება ცხოვრებაში განცდილი და ინტერპრეტირებული მუსიკის კოსმოლოგიური ნაირფეროვნებით, სინამდვილეში ცხოვრება ხომ ამ წუთების და წამების საკუთარ თავში შემონახვა და მათი ხელახალი აღმოჩენაა ვიდრე ცოცხლები ვართ.

მირიან ხუხუნაიშვილი – სენსეი  – ბევრი მაგარი კონცერტი შენს მეხსიერებას. მე კი ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მუსიკის მადლიერი ვარ, არ მიმატოვა და წინ უამრავი სამუშაოა, რადგან თამასა არნახულად აიწია. მაესტრო ეშენბახთან შეხვედრას მოუთმენლად ველი, ძალიან მინდა მოეწონოს ქართული ხმივანება.

დიდი მადლობა მეგობრებო მხარდაჭერისთვის და თქვენი სიხარულისთვის.

ვფიქრობ, ჩვენი დასავლური ინტეგრაციისთვის ეს ამბავიც თავის მცირე როლს შეასრულებს.”