22 სექტემბერი, 2022

ილია ჭავჭავაძის საიუბილეო  მინი-ფესტივალის ბოლო ღონისძიება

12 სექტემბრიდან, სიმბოლურად ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღიდან სტარტი აიღო 10-დღიანმა მინი-ფესტივალმა „ილია 185 – თბილისის ცის ქვეშ“, რომელიც თბილისის მასშტაბით ყველა რაიონში ხორციელდება.

22 სექტემბერს, 18 საათზე, ისნის რაიონში, საცხოვრებელ კომპლექს „ორთაჭალის ტურფასთან“ მდებარე სკვერში ბოლო ღონისძება შედგება, სადაც ილიას შესახებ საჯარო ლექციას წარმოადგენს მწერალი, გადაცემა „წიგნის თაროს“ წამყვნი ალექსნდრე ლორთქიფანიძე, ხოლო მსახიობი ქეთევან შერვაშიძე შეასრულებს მხატვრულ-ლიტერატურულ კომპოზიციას ილიას მკვლელობის შესახებ.

წინა 9 დღის განმავლობაში კი პროექტის გახსნის დღეს მთაწმინდის პანთეონში შედგა თეატრალიზებული, კოსტიუმირებული კომპოზიცია „ილია – მუხა უდაბნოში“ და ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით დაჯილდოების ცერემონია, შემდეგ დღეებში კი თბილისის სხვადასხვა რაიონის სკვერებსა და პარკებში წარმოდგენილი იყო ილია ჭავჭავაძის შესახებ საჯარო ლექციებისა და ლიტერატურული ინტერმედიების სერია, რომელშიც ჩართული იყვნენ ლიტერატურის, მეცნიერებისა და თეატრალური ხელოვნების სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები. ილიას შესახებ საუბრებს უძღვებოდნენ მწერალი როსტომ ჩხეიძე, მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი, ფილოლოგები გია მურღულია და თამარელა წოწორია, რეჟისორი და დრამატურგი გიორგი სავანელი, ისტორიკოსი ბეჟან ჯავახია, პოეტი რატი ამაღლობელი და ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი, ლიტერატურულ ნაწილს კი წარმოადგენდნენ პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი და მსახიობები ია შუღლიაშვილი, ვალერ კორშია, ნინო მუმლაძე, გეგა სალუქვაძე, თეკა კოხრეიძე, გიორგი გურული.

პროექტი განხორციელდა „ეროვნული იმპერატივისა“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ავტორობითა და ორგანიზებით და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.