15 სექტემბერი, 2022

განსაკუთრებულად ძვირფასი სიტყვები ზვიად გამსახურდიას

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას არაერთმა ადამიანმა უძღვნა განსაკუთრებულად ძვირფასი სიტყვები.

პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა ზვიად გამსახურდიაზე მრავალი ლექსი დაწერა. “არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

ჯვარი აზიდე, პრეზიდენტო!..

ილორის ტაძარს დასდებია ფერი მწუხარი,
დედა ღვთისმშობელს დაუშვია მფარველი კალთა…
დგას საქართველოს პრეზიდენტი, ისე მდუმარი,
როგორც დაჭრილი ხარირემი ქარაფის ზღვართან.
დგას საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ხიზანი,
როგორც დაღლილი სერაფიმი მაცხოვრის ხატთან
და იჭედება საქართველოს კუბოს ფიცარი,
და იდევნება საქართველო სამარის კართან.
ო, საქართველოვ, უთვალავჯერ ხარ ნასხვისარი,
ხარ გამომზრდელი გმირთაგმირთა და ავაზაკთა!..
ცრემლი შეიშრე, პრეზიდენტო, ჯერ არს სიზმარი,
კიდევ მოგიწევს სადიდგორე ომის გარდახდა.
კიდევ მოგიწევს ზედაზენზე ზართა ზეიმი
და ალავერდთან თეთრი რაშით გამოქროლება,
მამაც გულმკერდზე მოთმინების ლოდი შეიბი,
რომ აიტანო სამშობლოსთან გამოთხოვება.
ახლა კი, ახლა, დრო-ჟამია ავად მზირალი,
დაემშვიდობე ოდიშსა და საბედიანოს,
წინ გაგიძღვება საფიცარი თეთრი გიორგი,
რომ უკვდავების მძიმე გზებით გახეტიალოს.
კავკასიისკენ, პრეზიდენტო, კავკასიისკენ,
ლურჯ მწვერვალებში წყდება ჩვენი ყოფნა-არყოფნა!..
მწვერვალებისკენ, პრეზიდენტო, მწვერვალებისკენ,
იქ პრომეთეა და ცეცხლია დიად მნათობთა!..
* * * * * * *
შუაღამეა…მწუხრი ადგას გრემს და სამშვილდეს,
უფლის კვარცხლბეკთან ანგელოზნი, ალბათ, გელიან…
ჯვარი აზიდე, პრეზიდენტო, ჯვარი აზიდე!
ჯვარი გწერია!..”