კინოსა და თეატრის ლეგენდას ვერიკო ანჯაფარიძეს დრამატურგმა რეზო კდიაშვილმა ძალიან კარგი ჩანახატი მუიძღვნა:
“ვერიკო
ამ ჩანახატს ვუძღვნი ნიკუშა, სანდრო, ნატაშა და გიორგი (უმცროსი) შენგელაიაებს, ამ დიდი კინო და თეატრალური დინასტიის შთამომავლებს.
ჩანახატი ქალბატონ ვერიკოს სიცოცხლეშივე წავუკითხე.
XXX
ჩემი ყურადღება მისმა თვალებმა მიიპყრო, როგორ უბრწყინავს, გავიფიქრე და ქეთევან მაღალაშვილის მიერ შესრულებულ პორტრეტს ავხედე. პოეტის ნათქვამი გამახსენდა -,, ანჯაფარიძის ზვიადო ქალო ”. მერე ჩემს წინ მჯდომ ქალბატონ ვერიკოს დავაკვირდი.
– ნუ მიყურებ! – თქვა და სახე ამარიდა.
სიჩუმე ჩამოვარდა. თმაზე ხელი მძიმედ გადაისვა. თითქოს ცხოვრებამ რამდენიმე წამში გაირბინა. ქვემოდან ამომხედა და თითები მაგიდაზე აათამაშა.
XXX
შემოდგომის თბილი დილაა, სასაფლაოზე გამეფებულ მყუდროებას მანქანის ხმა არღვევს.ქალბატონი ვერიკო შვილთან მიიჩქარის. უკან ნელი ნაბიჯით ბრუნდება, ხელში ვარდის ტოტი უჭირავს…გაკვირვებული ვუეხლოვდები
– რამაზმა მაჩუქა! – ყვავილს ეალერსება
რა სხვანაირია განმარტოებული ვერიკო.”