2 სექტემბერი, 2022

დავით სარაჯიშვილის გადარჩენილი ქაშვეთის ეკლესია

ქაშვეთის ეკლესია – ქართული კულტურული მემკვიდრეობის უძვირფასესი ძეგლი დავით სარაჯიშვილმა  გადაარჩინა.

საინტერესო ისტორიას პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი გვიზიარებს:

“საარქივო მასალების მიხედვით, პარლამენტის შენობის ადგილას, 1871-1897 წლებში მაშინდელ ღუნიბის მოედანზე მეფის რუსეთმა სამხედრო სობორო ააშენა „ნიშნად რუსული ძლევამოსილი არმიის გამარჯვებისა კავკასიაზედ“. მრევლი იყო არა უბრალო მოსახლეობა, არამედ ჯარი.

26 წელიწადი მიმდინარეობდა სობოროს მშენებლობა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ქართველები მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო „რუსული თათი კავკასიის ცენტრში“. გადაწყდა, მის საპირწონედ და რუსული იმპერიული ძალების გასანეიტრალებლად დაენგრიათ იმჟამინდელი ქაშვეთის ეკლესია, რომელიც კონსტრუქციის მხრივ არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო და მის ნაცვლად აეშენებინათ ახალი. სარაჯიშვილმა წამოაყენა ინიციატივა, რომ ახალი ეკლესია სამთავისის პროტოტიპი ყოფილიყო და ამისთვის საჭირო ფინანსებიც გაიღო. სამხრეთის ფასადის შესასვლელის 2 მოჭედილ კარზე დღესაც დაგხვდებათ ინიციალები „დ“ და „ე“, რაც დავით სარაჯიშვილსა და მის მეუღლეს,  ეკატერინე ფორაქიშვილს აღნიშნავს.

რუსული სობორო კი XX საუკუნის 30-იან წლებში ლავრენტი ბერიამ დაანგრია . ღუნიბის მოედანი – მოედანი მდებარეობდა იმ ადგილზე, სადაც ახლა მთავრობის სახლი დგას. სახელწოდება მოედანმა მიიღო რუსი ჯარის მიერ 1859 წლის 25 მარტს დაღესტანში ღუნიბის ციხესიმაგრის ლაშქრობის აღსანიშნავად. ციხე იმამი შამილის ბოლო თავშესაფარი იყო. მოედანმა არსებობა შეწყვიტა 1897 წელს, ამ ადგილზე ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძრის აშენებასთან დაკავშირებით.”