აკაკი ხორავას სამაგალითო საქციელი

გენიალურ ქართველ მსახიობს აკაკი ხორავას არაერთი კარგი თვისება ჰქონდა. მის დადებით მხარეებზე კოლეგები თუ მეგობრები ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ მსახიობის სამაგალითო საქციელი ნამდვილად ყველა თვისებისგან გამორჩეული გახლდათ.

აკაკი ხორავა ზრუნავდა და ფინანსურად ეხმარებოდა 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახებს, მეგობრებს, ხელმოკლე სტუდენტებს – ზოგს პალტო უყიდა, ზოგს ფული აჩუქა, ზოგს სწავლის გადასახადი გადაუხადა…

მსახიობი და რეჟისორი გიული ჭოხონელიძე თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა. სტუდენტები სწავლის ქირას იხდიდნენ. ერთხელ სტუდენტი გიული ჭოხონელიძე აკაკი ხორავას კაბინეტში შეიყვანეს ფულის გადაუხდელობის გამო. როცა გენიალურმა მსახიობმა გაიგო, რომ გიულის მამა გადასახლებული იყო, ჯიბიდან 240 მანეთი ამოიღო და გაუწოდა – „ახლავე შეიტანეო!“ ამ ამბის შემდეგ, როცა სწავლის ფულის გადახდის დრო დგებოდა და აკაკი ხორავას სიას წარუდგენდნენ, გიული ჭოხონელიძის გვარის ამოკითხვისას ამბობდა – „გადახდილია!“

ერთხელ გიული ჭოხონელიძემ ფული შეაგროვა და აკაკი ხორავასთვის ვალის გადახდა სცადა. მსახიობმა იგი უარით გაისტუმრა: „წადი, შვილო, აი, კარგი მსახიობი რომ გამოხვალ, ეს იქნება ვალის გადახდაო“.

როცა მსახიობმა ელენე საყვარელიძემ აკაკი ხორავას უამბო, რომ 1937 წლიდან მშობლები არარ ჰყავდა, თეატრალური ინსტიტუტის დეკანმა უთხრა – „სწავლის ქირას აღარ გადაიხდი“. მხოლოდ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაიგო ელენე საყვარელიძემ, რომ მას სწავლის საფასურს აკაკი ხორავა საკუთარი ჯიბიდან უხდიდა.

რეჟისორი რეზო ჩხეიზე იხსენებდა, რომ რესტორანში, სუფრასთან, სადაც აკაკი ხორავა იჯდა, გამორიცხული იყო ფული სხვას გადაეხადა – ამის უფლებას არავის მისცემდა.