ნიკოლოზ წულუკიძის უძვირფასესი ვიდეო

თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძვირფასეს ვიდეოს გვთავაზობს და საუბრობს ილია ჭავჭავაძესა და ქარული თეატრზე:

“თეატრი, როგორც საუკეთესო მექანიზმი, იდეოლოგია, მასაზე ზემოქმედებისა ილია ჭავჭავაძემ ყველაზე კარგად გამოიყენა. იდეოლოგია ცუდი სიტყვა სულაც არ არის, თუკი ილია ჭავჭავაძისნაირ ადამიანს აქვს ხელთ.

თეატრალური ხელოვნება ეს იყო პირდაპირ სუნთქვა, ჰაერნაკადი იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც არ ჰქონდათ სივრცე, რომ ქართულად ელაპარაკათ, სწორი ქართული მოესმინათ და ქართული სიტყვის პოპულარიზაცია მომხდარიყო.

როცა ვსაუბრობთ ილია ჭავჭავაძეზე, უნდა წარმოვიდგინოთ კონტექსტი, რა დროს მოუწია მას ჩამოსვლა საქართველოში და რა დახვდა აქ. 90% მოსახლეობისა ვერ ლაპარაკობდა გამართულად ქართულად. მან წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან, “ივერიასთან”, ბანკთან ერთად იმიტომ გადაწყვიტა თეატრის აღდგენა, რომ ქართული ენის პოპულარიზაცია მოეხდინა საზოგადოებაში და სწორი ქართული მეტყველება გაეგონა ხალხს, ამისთვის იყო აუცილებელი მაღალ მხატვრული ღირებულების დრამატურგია. სწორედ ამიტომ ილია ჭავჭავაძემ ივანე მაჩაბელთან ერთად დაიწყო “მეფე ლირის” თარგმნა.”