ქართული კინოს მშვენება ნატო ვაჩნაძე მშობლიურ კახეთზე დიდი სიყვარულით საუბრობდა:
“კახეთი მიყვარს როგორც ამ ქვეყანაზე ყველაზე უძვირფასესი — მშობელი დედა, ან ღვიძლი შვილი. ეს სიყვარული უსაზღვროა, ამოუწურავი. ეს არის მშობლიური მიწის, მისი ბუნებისა და ადამიანებისადმი სპეტაკი, კეთილშობილური სიყვარული… საკმარისია ოდნავ ფიქრებს თავი მივცე, სადაც არ უნდა ვიყო, ისევ თვალწინ მიდგას და თითქმის შევიგრძნობ სოფლის ფერებს, გაზაფხულის გრილ ჰაერს, ზაფხულის დღეების სურნელოვან მცხუნვარებას. მხატვარი რომ ვყოფილიყავი, დავხატავდი ჩემი სახლის აივნის წინ გადაშლილ ლამაზ სანახაობას.
მაგონდება შემოდგომის კახეთიც, როცა დიდი მუშაობაა გაჩაღებული. განსაკუთრებით გვიხაროდა ხოლმე ბავშვებს შორ მანძილზე რთველში გამგზავრება. ალიონზე გოდრიანი ურმები გველოდებოდა. შევგროვდებოდით და მთელი გზა სიცილ-კისკისითა და სიმღერით გავივლიდით. ვენახში მუშაობის დაწყებამდე უფროსებთან ერთად ნიორს, ყველს, ლობიოსა და შოთ პურს შევექცეოდით. მუშაობაში დღე შეუმჩნევლად გადიოდა…
ყველა სიმღერიდან, რაც კახეთში გამიგონია, განსაკუთრებით ერთი მიყვარდა, რომელიც ხატობაში მოვისმინე. ეს იყო „გრძელი კახური მრავალჟამიერი”. ამის შემდეგ ქართული ხალხური სიმღერებიდან ეს სიმღერა აღვიძებს ჩემში განსაკუთრებით ძლიერ გრძნობას. თითქოს მთელი ალაზნის ველი მღეროდა და ეს სიმღერა შორს, მთების გადაღმა, კავკასიონის ქედს ესმოდა. აი, როგორია ხალხური სიმღერა, ასეთი სიმღერის ძალა უკვდავი და უძლეველია…”