მერაბ ნინიძე პაოლო იაშვილზე

მსახიობმა მერაბ ნინიძემ დიდებული პოეტის პაოლო იაშვილის შესახებ სიმონ ჩიქოვანის საოცარი მოგონება გაგვიზიარა:

“სიმონ, მითხრა, შენ გულში წყენა გქონდა, მაგრამ იცოდე, რომ მე კეთილშობილი, პატიოსანი, ვაჟკაცი კაცი ვარ და ამას მალე დაგიმტკიცებ. მე კიდევ უფრო გამიკვირდა და გაკვირვებით შევხედე, ცოტათი დავიბენი კიდეც, არ ვიცოდი რა  მეთქვა. პაოლო თან ლაპარაკობდა და თან… და ვერაფერი მოვახერხე…

პაოლო განაგრძობდა, გეუბნები, მალე დარწმუნდები ჩემს ვაჟკაცობაშიო. კიდევ განმეორებით დამაბარა ჩემს ცოლთან მოკითხა და წამოდგა. მე ვუთხარი, მოიცა პაოლო, შენს მეზობელს,  მწერალთა ჯკავშირიდან გარიცხვას უპირებენ და დავიცვათ მეთქი. ვინ  ჩემს მეზობელსო, მკითხა. აკაკი ბელიაშვილს-მეთქი. არ შემიძლია დარჩენაო, მითხრა და თუ მოვახერხე, დავბრინდებიო. მობრუნდა, წავიდა, მაგრამ არა იმ კარებში გავიდა, რომლიდანაც შემოვიდა, არამედ უკანა, ბაღში გასასვლელი კარებიდან წავიდა. მე თვალი გავაყოლე და დავინახე, როგორ გავიოდა უკანა კარში, მაგრამ როგორ მობრუნდა უკვე მეორე სართულისკენ, აღარ შემიმჩნევია.

კრება გაგრძელდა. ალბათ იმდენად უმნიშვნელო იყო რის შესახებაც დავით დემეტრაძე ლაპარაკობდა, რომ იგი უკვე მეორე დღესვე დავიწყებული მქონდა.

გავიდა ალბათ 5 წუთი, თუ 7 წუთი და საშინელი ხმით დაიჭექა თოფმა, მაგრამ ის თოფის ხმას არ გავდა, ის უფრო ყუმბარის გასკდომას გავდა. უცებ წამით საშინელი დუმილი ჩამოვარდა და ქუჩისკენ დარბაზის კარები იყო ღია და ვიღაცამ წამოიძახა, მინა გასკდაო.

ყველაფერი თავლის დახამხამებაში მოხდა – თოფის გავარდნა, დუმილი და ჩემი გარეთ გავარდნა. რაღაც შემზარავმა ფიქრმა გამიელვა და როდესაც დარბაზიდან გამოსული ვიყავი, ყველაფერი ნათლად წარმომიდგა. მე თითქო მივხვდი, თუ რა მოხდა და უჩვეულო, ჩამოვარდლინ დუმილში გარეთ გავედი, კი არ გავედი, გარეთ გავვარდი. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ პაოლომ თავი მოიკლა, ე.ი. თვითმკვლელობა განიზრახა, მაგრამ დაიჭრა და არ მომკვდარა. ღმერთო, შეგცოდე, ასე იტყვიან, მე არ მეგონა, თუ იგი თავს გაიმეტებდა და ამიტომ ვიფიქრე, რომ იგი დაჭრილია, მაგრამ მკვდარი არ არის.

თურმე, საშინლად შემცდარი ვიყავი – ყველაფერი ეს ერთი თავლის დახამხამებაში მოხდა. ანი, ჩვენი დამლაგებელი ჩამორბოდა კიბეზე და იძახდა, ვაიმე, ვაიმე, შვილო., ვაიმე, შე უბედურო. მივაძახე, ანიჩკა, სულ მოკვდა? სულ მოკვდა, შვილო, სულ მოკვდა. თავი გაპობილი აქვს და ტვინი დაქცეული. ”