30 აგვისტო, 2022

ლანა ღოღობერიძე ზაირა არსენიშვილზე

რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ძალიან კარგი წერილი მიუძღვნა მწერალ ზაირა არსენიშვილს:

“მერცხლის ერთი გაფრენა

ზაირა არსენიშვილის ხსოვნას

“მიხარია, რომ ერთად ჩამოვლიეთ ჩვენი წუთისოფელი” – ასეთი წარწერით მაჩუქა ზაირამ თავისი წიგნი “ქარი, ამწევი ფარდის”. ეს იყო 2013 წელს. მაშინ ეს სიტყვები უტყუარი მეგონა, წუთისოფელი მართლაც ერთად გვქონდა ჩამოვლილი და ორივე ვფიქრობდით, რომ ბოლომდეც ერთად უნდა გვევლო, მაგრამ ბედისწერამ სხვაგვარად ინება, ზაირამ უეცრად გადამასწრო, და მე ისღა დამრჩენია, ორიოდე სიტყვა მივადევნო ჩემი უახლოესი ადამიანის ამ ქვეყნიდან წასვლას.

თელავი. ნადიკვრის 22. ძველებური, ერთსართულიანი, აგურის სახლი. ზაირას სახლი. სახლი, რომელიც ჩვენად მიგვაჩნდა ზაირას მეგობრებს, მათ შვილებს და შვილიშვილებს. აქ, ამ მაღალჭერიან ოთახებში, ამ ხის აივანზე, ამ მშვენიერ ბაღში, 50 წლის მანძილზე, ზაფხულობით, მიედინებოდა ჩვენი საერთო ცხოვრება. და აქ, ზაირასთან დასამშვიდობებლად, ჩამოვიდა ყველა – ჩვენი გარდაცვლილი მეგობრების შვილები და შვილიშვილები, ჩემი შვილები და შვილიშვილები. იმიტომ რომ ზაირა ის უნიკალური ადამიანი იყო, ვისაც ყოველი მათგანი, სულ პატარა ბავშვიც კი, განსაკუთრებით აინტერესებდა და უყვარდა და ყველასთან თავისებური, ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა.

როცა ის პირველად შემხვდა ამ 50-ოდე წლის წინათ, თვალში მომხვდა იმ დროისათვის უჩვეულო ვარდისფერი, ფაშფაშა კაბა და რაღაცნაირი შუქით განათებული თვალები, – მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს შუქი ადამიანისა და საერთოდ სიცოცხლისადმი მისი დაუდგრომელი ინტერესის მუდმივი ანარეკლი იყო. და მაშინვე, როგორც ერთი ნახვით შეყვარების გამოვლინება, დაიწყო ჩვენი საერთო ცხოვრება – ყოველდღიურობასა და შემოქმედებაში.

პირველი სცენარი, რომელიც ერთად მოვიფიქრეთ და დავწერეთ, იყო “როცა აყვავდა ნუში” და მერე – ყველა სხვა. ჩვენი ერთად მუშაობიდან ძირითადად გააფთრებული ჩხუბები მახსოვს, – მაშინ ზაირას თვალებში ის, სიყვარულით განათებული სხივიც ქრებოდა და მრისხანება ისადგურებდა, – და ჩვენი გზებიც სამუდამოდ იყრებოდა… იყრებოდა იმისათვის, რომ მეორე დღესვე ახალი ენთუზიაზმით შევდგომოდით ფიქრსა და წერას.

როცა “რამდენიმე ინტერვიუმ პირად საკითხებზე” საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ძალიან გამიჭირდა ახალი სცენარის თემის მოფიქრება. და მაშინ ზაირამ თავისი მომავალი რომანის შესახებ მიამბო: ცენტრალური პერსონაჟი – ევა – რეალობაში მისი ბებიის მეგობარი იყო. მან ცხოვრების ბოლოს აღმოაჩინა, რომ კაცი, რომელთანაც მთელი ცხოვრება გაატარა, მისი პირველი და ერთადერთი სიყვარულის მკვლელი იყო. თელავი, მთათუშეთი. ზაირას წინაპრებისა და მისი ბავშვობის სამყარო. ბუნებასთან მიახლოვებული ადამიანების ვნებების მომნუსხველი სიმძაფრე. ამ საფუძველზე შეიქმნა სცენარი “დღეს ღამე უთენებია”. და როდესაც წელს, სან-ფრანცისკოსა, ვაშინგტონსა, სამხრეთ კორეასა თუ ბირმაში, ხალხით სავსე დარბაზებში, ფილმის ჩვენების მერე მაყურებლები სწორედ ამ თვისებებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, მე სულ ზაირა მედგა თვალწინ.

ახლაც ვწერდით სცენარს. უნდა მოვასწროთო, მეუბნებოდა. ვერ მოვასწარით. დამრჩა მხოლოდ მისი ხელით და ძალიან პატარა, ძნელად გასარჩევი ასოებით დაწერილი ფურცლები.

ზაირა ჩემი თარგმანების ყველა წიგნის რედაქტორიც იყო. მაგრამ არა ჩვეულებრივი რედაქტორი! წლების მანძილზე ის თვითონ პროცესის თანამონაწილედ იქცა. გადავთარგმნიდი რომელიმე ლექსს და მაშინვე ზაირას ვურეკავდი და მხოლოდ მასთან განსჯისა და შეთანხმების მერე ყალიბდებოდა ლექსის საბოლოო ვარიანტი. დღეს ასე მგონია, მის გარეშე ერთ სტრიქონსაც ვეღარ გადავთარგმნი მეთქი.

და აი, მივადექი მთავარს, ზაირა არსენიშვილის პროზას. სამი დიდი რომანი, მოთხრობები, “ნათელი ხსოვნა” – წასულ ადამიანთა პორტრეტები… ჩემის აზრით, ქართულ ლიტერატურულ სინამდვილეში ამ პროზას სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. რომანები – “რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის”, “ვა სოფელო”, მოთხრობები – “როცა მძვინვარებს შიში და ძრწოლა”, – იმ შავბნელი საბჭოთა დროის ნამდვილი მატიანეა. პროზა, რომელსაც კახეთის მიწის სურნელი ასდის და ცოტათი – “იმდროინდელი” თბილისის ქუჩებისა, მუდმივი შიშის ატმოსფერო, ყოფასა და ყოველდღიურობაში ჩაძირული და დეტალებით დახუნძლული, მოულოდნელი, ზოგჯერ უცნაური ამბები, ნათქვამი მსუყე ენით, იშვიათად მდიდარი ლექსიკითა და იდიომატიკითა დატვირთული, ტრაგიზმი, გაზავებული ცინცხალი, ჭეშმარიტად ხალხური იუმორით…

მთელი ჩვენი ხანგრძლივი, ახალგაზრდობიდან მხარდამხარ გატარებული წლების მანძილზე სულ მაკვირვებდა ზაირას რაღაც ზღვარსგადასული (როგორც მე მეჩვენებოდა) ცნობისმოყვარეობა, ცნობისმოყვარეობა ყველას და ყველაფრის, ყველა წვრილმანის მიმართ, ვინ, სად, რომელ ქუჩასა და რომელ სახლში, ვისთან ერთად, როდის, ფაქტები, ფაქტები, უფრო ხშირად სრულიად უმნიშვნელო… რაში გაინტერესებს, ვეუბნებოდი ხშირად, და ზაირა, მისთვის ჩვეული გულუბრყვილო ღიმილით, მხრებს იჩეჩავდა, მაინტერესებს და რა ვქნაო. მე კი გვიან მივხვდი, რომ ეს ცხოვრებისეული წვრილმანებისადმი უქმი და ობივატელური ინტერესი კი არ იყო, არამედ მისი მწერლური წარმოსახვის საზრდო, მას სჭირდებოდა სხვისი გამოცდილებაც, სხვისი თავგადასავალიც, სხვისი ცხოვრების დეტალებიც, რომ თავისი მეხსიერების შრეებში ჩაეფინა და მერე, ოდესღაც, აემეტყველებინა კიდეც. მისი მეხსიერება კი მართლაც შეუზღუდავი იყო. თითქოს ჩალაგებული ჰქონდა თავში ამბები, ისტორიები და თარიღები, და ადამიანები, ადამიანები, სიყვარულით დატენილები და მოღალატეები, თავგანწირულები და გამყიდველები, მედგარნი და შიშით ატანილები, სვებედნიერნი და უიღბლონი, და უმწეონი… და ავტორს კი ყველა ამ პერსონაჟისადმი თანაგრძნობა ამოძრავებს, ისეთი მძაფრი თანაგრძნობა, რომ ის შენშიც ყველა სხვა ემოციას თრგუნავს, თვით სიძულვილსაც კი იმის მიმართ, ვინც ბოროტებას განასახიერებს. მაგრამ მოვლენებისა და სისტემის მიმართ პროტესტი, იქნებ სწორედ სისტემის იარაღისა და იმავდროულად მსხვერპლის – ადამიანისადმი თანაგრძნობის გამო, მაინც უმთავრეს განცდად ილექება სულში.

თბილისის ოპერის ორკესტრი, სადაც მრავალი წლის მანძილზე უკრავდა ზაირა ვიოლინოზე, ე.წ. ორმო, ლადოს (მესხიშვილის) მუდმივი ქილიკის საგანი – ჩახვედი ორმოში, ნუ გეშინია, ოდესმე ამოგიყვანთ ორმოდან და ა. შ. აი ეს ორმოა ზაირას პირველი რომანის “რეკვიემის” სარბიელი. ორკესტრი – სხვადასხვა ეროვნების, რჯულის, სქესის, ასაკის ადამიანთა ერთობლიობა, მათი ვნებების, მისწრაფებების, აღმაფრენის, გამყიდველობის თარეში. არ მეგულება არა თუ ქართულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაშიც ასეთი მძაფრი ფერებით დახატული ეს ორგანიზმი, რომელიც ფეთქავს, ფორიაქობს, ბორგავს, ბობოქრობს, იცინის, დასცინის… ღელავს იმის გამო, რომ სოღანლუღთან რეპრესირებულთა მემორიალი უნდა გაიხსნას, რაც თავზარს სცემს ორკესტრში იდეოლოგიის ბურჯს – კონცერტმაისტერ გენას. რომანის გამჭოლი სიუჟეტური ხაზი (დეტექტივისათვის დამახასიათებელი სიუჟეტური სიმძაფრით მოთხრობილი) 37 წელს დაჭერილი და დაღუპული 20 წლის კომპოზიტორის ეჟი ხადაროვსკის “რეკვიემის” ძებნაა; მაგრამ ეს, ერთი შეხედვით, მარტივი სიუჟეტური ხაზი დამძიმებულია და გამდიდრებული ზაირასათვის დამახასიათებელი დროსა და სივრცეში უსასრული გადახტომებით, გადახვევებით, ჩართვებით, 37 წლის ეპიზოდებით, სიზმრებით, ზმანებებით, სხვადასხვა, ხშირად შემთხვევითი, პერსონაჟების მონათხრობებით, რათა საბოლოოდ შეიქმნას მატიანე – იმ ავბედითი დროის მატიანე, რომელიც ამავე დროს ჩვეულებრივი ადამიანური ვნებებით დატვირთული ცხოვრების ანარეკლიც არის. რომანი სავსეა მძაფრი მხატვრული სახეებით, რომელთა შორის განსაკუთრებით ერთი გამოირჩევა: ჯერიკო ეძებს თავისი გეპეუშნიკი მამის მკვლელებს, (რომლებიც სწორედ მისმა მამამ დააწიოკა), ეძებს, რომ შურისძიების წყურვილით შეპყრობილმა, მოსპოს და გაანადგუროს, და მტრის ნაცვლად პოულობს იმას, ვინც დარჩა მთელი განადგურებული ოჯახიდან: ფერდობზე ბებერი ქალი ჩამომჯდარა, დიდი გაჭირვებით სწევს მაღლა ხელს და ისე ამოძრავებს, თითქოს ასოები გამოჰყავს. აგერ, ეტყობა დაეღალა, მეორე ხელის გული შეუყენა იდაყვს და ასე განაგრძო “წერა” და ჯერიკოს შეკითხვაზე უპასუხა: “რას დავწერ?! ჩემი შვილების სახელებს ვაწერ ჩვენს მთაველსა, ხო უნდა დარჩეს ბეჭედი მათი სიცოცხლისა?! – მერე, წვიმა-ქარი არ შლის დაწერილს? – ყველას მაინც ვერა შლის, ზოგჯერ მისძრავ-მოსძრავს ხოლმე ასოებს, მოვალ და გავასწორებ აქა-იქა. აბა, გაიხედე, გახედე გორ-გურებსა, მერე ქვევით, ალაზნის ველსა და კავკასიონს, თუ სადმე მოინაკლისო, მითხარი…” და მოსისხლე მტერი-ჯერიკოც –იძულებულია “იკითხოს” ველ-მინდვრებზე და მთაგორებზე მიწერილი, მისი მამის მიერ განადგურებული ბიჭების სახელები. მაგრამ ამგვარი ტრაგიკულ-პათეტიკური ინტონაციის გვერდით რომანში სულ სხვა კილოც ისმის, ირონიული და დამცინავი: “რახილის მახვილი, დაუნდობელი თქმით, ჩვენი გენადი, ვერტიკალურ მდგომარეობაში თუ ნამდვილი მეხი და მედგარი იყო და მთელ ჩვენს ორკესტრში იდეოლოგიის უქრობ ჩირაღდნად ენთო, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადასვლისთანავე მას აგონებდა დანოტიოებულ ასანთს, რომლის გაკრთომა და გაქრობა ერთი იყო. და რახილი, რომელიც ანდაზურ-აფორისტული განზოგადოებების ტრფიალიც გახლდათ, მითუმეტეს, თუ საქმე სიყვარულს ეხებოდა, ონავრული სიცილით დაასკვნიდა: “ჩემი ტემპი და ხასიათია ალეგრო კონ ბრიო. აბა, როგორ? სიყვარული ფაფის ჭამა კი არ არის, სიყვარული ძალმომრეობაა, ჩვენი გენა კი მხოლოდ და მხოლოდ იდეოლოგიური მოძალადეაო.”

ამ ბოლო დროს ჩვენთან დამკვიდრდა აზრი: რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში არაფერი დაწერილა საბჭოთა დროის შესახებ, არც მაშინ, სისტემის მძვინვარების დროს, არც ახლა. თითქოს ის წლები არც გადაგვიტანიაო, რაც, ცხადია, ჩვენს საყოველთაო კონფორმიზმზე მოუთითებს. მე კი ვფიქრობ: ჩვენს პატარა ქვეყანაში თუ თუნდაც ორი მაღალმხატვრული რომანი და რამდენიმე მოთხრობა მიეძღვნა იმ შავბნელ დროს, ეს უკვე ამ პოსტულატის გამაბათილებელი არგუმენტია. აქ ისიც არის სათქმელი, რომ მოთხრობა “როცა მძვინვარებს შიში და ძრწოლა” 1967 წელს არის დაწერილი, ასევე “ვა სოფელოს” დიდი ნაწილი. მოთხრობაში კი აღწერილია, როგორ ჩამოვარდა და გატყდა ბიბლიოთეკაში სტალინის ბიუსტი და ამ საზარელი ამბის დასამალად როგორ დანაყა ბიუსტის ნაწილები ქვასანაყში ბიბლიოთეკის გამგემ და ასე მოსპო მისი კვალი, რაც თავის გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო! ცოტა მეგულება ამ ქვეყნად ადამიანი, ვისაც საქართველოს ისტორია ისე ჰქონოდა შესისლხორცებული, როგორც ზაირას. მისი განსაკუთრებული ინტერესის სარბიელი ერეკლეს ეპოქა იყო, ისე ყვებოდა ბაგრატიონების პეტერბურგში გასახლებისა და გენერალი ლაზარევის უკანასკნელი ღამის ამბავს, თითქოს თვითონ უბრალოდ ისტორიული ფაქტის მთხრობელი კი არა, არამედ იმ ამბების მონაწილე ყოფილიყოს.

წავიდა ამ ქვეყნიდან ზაირა – მარად მბორგავი და მშვიდი, ჭვინტაკებიანი (როგორც იტყოდა თვითონ) და სულგრძელი, ფორიაქა დიდი და წვრილი ამბების გამო და ისე ბუნებრივად თავმდაბალი, ყველა გაჭირვებულის მოსარჩლე და ხელისგამწვდომი. და მაინც მის მთელ არსებობას ორი რამ განსაზღვრავდა: ერთი – ინტერესი და თანაგრძნობა ყოველი, ახლობელი თუ შორეული, კარგი თუ ცუდი, საინტერესო თუ ჩვეულებრივი ადამიანის მიმართ; და მეორე – წერის ჟინი. წერის გარეშე უბრალოდ არსებობა არ შეეძლო. ასე წერდა ჯერ ხელით, ქაღალდის ისეთ ნაგლეჯებზე და ისეთი უწვრილესი ასოებით, რომ მერე თვითონაც მოთქვამდა, ვერაფრით ვერ გამირჩევია, რა დავწერეო; მერე – ერთ ძველთაძველ რემინგტონზე და ბოლოს – უდიდესი გადატრიალება მის ცხოვრებაში – კომპიუტერზე! მაგრამ ამ გზაზე ახალ ხიფათებს აწყდებოდა და რა ვაი-ვაგლახი ატყდებოდა ხოლმე, თუ რაღაც ფრაზები და ხანდახან გვერდებიც დაეკარგებოდა! მაშინ ხომ მის კვნესას და დამხმარე მეგობრის თავზე კაკლის მტვრევას საზღვარი არა ჰქონდა!

სიკვდილის წინა დღესაც კომპიუტერს ეჯდა და წერდა, წერდა… თან იმეორებდა – უნდა მოვასწრო, უნდა მოვასწროო. მთავარანგელოსის ფრთების შრიალი სულ უფრო ახლოს მესმისო. სიმბოლურია ზაირას ბოლო წიგნის სათაური “თელავიდან თბილისამდე”. და კიდევ უფრო ნიშანდობლივია ქვესათაური, რომელიც მან ხელით მიაწერა ჩემთვის ნაჩუქარ ეგზემპლიარს: “მერცხლის ერთი გაფრენა” (გვიან მოვიფიქრე და ამიტომ ვეღარ დავბეჭდეო, მითხრა). თელავიდან თბილისამდე და მერცხლის ერთი გაფრენა, თუ გადაფრენა… ერთმანეთზე გადაჯაჭვული ეს ორი გამოთქმა ადამიანისთვის განკუთვნილ მთელ სივრცესაც მოიცავს და დროსაც. სივრცე, ანუ ჩვენი პატარა ქვეყანა, სადაც თბილისიდან თელავამდე, ისევე, როგორც ბათუმიდან გორამდე, ქუთაისიდან მესტიამდე, ზუგდიდიდან ბიჭვინთამდე, და საერთოდ საქართველოს ერთი წერტილიდან მეორემდე სულ მერცხლის ერთი გადაფრენაა; და დრო, ადამიანისათვის ამ ქვეყნად განკუთვნლი, ისიც ხომ, მარადიულობის თვალთახედვით – მერცხლის ერთი გადაფრენაა. ეს არის ჩემს აღქმაში ზაირას სიცოცხლე – თელავიდან თბილისამდე მერცხლის ერთი გადაფრენა, რომელიც რამდენ, ო, რამდენ ვნებათაღელვას, წუხილს, სიხარულს, მიტევებას, სინანულს, სიყვარულს და ქვეყნისათვის სასიკეთო ფიქრს და ქმედებას იტევს!”