10 აგვისტო, 2022

ძალიან კარგი წერილი გია ყანჩელზე

კომპოზიტორ გია ყანჩელზე ძალიან კარგ წერილს გვთავაზობს მამუკა კუდავა:

“ანტვერპენში გავიცანი წლების წინ. მხოლოდ აქ, ყველასგან შორს, შემიძლია მუსიკის წერაო. თანაც იქ ხომ სულ ნაცრისფერციანი ამინდი და სიჩუმეა, რაც განსაკუთრებით უყვარდა. ქართველი ებრაელების უბანში, მის საყვარელ რომას სახინკლეში დაგვპატიჟა ახალგაზრდა მეგობრები. იქ „უბრალო ადამიანებთან“ უყვარდა ხშირად ყოფნა, კონტაქტი და ნარდის გაგორება. მით უმეტეს გაუჩერებელი მუშაობის მერე, დასვენების დღეების გარეშე რომ წერდა მუსიკას.

მას შემდეგ, ნებისმიერი შეხვედრის ან კონცერტის შემდეგ, მუდამ აღტაცებული ვიყავი მისი ჯენტლმენობით, დარბაისლობით, თავმდაბლობით თუ იუმორით. სულ ეცინობოდა, როცა ვუყვებოდი ჩემი შვილი რომ საჭმელს მხოლოდ „ყველი, პური, ხაჭაპური, წიწილას“ მელოდიის ჩართვის ხათრით ჭამდა. მოგვიანებით, პარიზის „სალ პლეიელში“ დავესწარი მის ბენეფისს.

გია ყანჩელი არა მხოლოდ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საამაყო ბრენდი იყო მსოფლიოში, არამედ ქვეყნის ერთგული და სამაგალითო მოქალაქეც. მისი სამოქალაქო პოზიციები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა საზოგადოებაში და ამიტომ ერთხელ ვკითხე კიდეც ამაზე. უკანასკნელი 25 წელიწადი მეტწილად საქართველოს ფარგლებს გარეთ გავატარე და ამიტომაც ვიკავებ თავს საჯარო დისკუსიებისა და კოლექტიური მიმართვებისგანო. მიუხედავად ამისა, კრიტიკულ მომენტებში ის მაინც ამბობდა სათქმელს – ერთდროულად მოზომილობით და პრინციპულობით, კორექტულობით და მომავალზე ორიენტაციით. ბოლო ასეთი შემთხვევა ზაფხულში იყო, როცა საწოლს მიჯაჭვულმა ღიად გააკრიტიკა მისი მეორე საუკეთესო, თეატრის რეჟისორი მეგობარი და მხარი დაუჭირა ახალგაზრდობას – „მათ გვერდით ვიდგებოდი რუსთაველზე, ავად რომ არ ვიყოო“. ბოლო დღეებამდე სულ კითხულობდა ახალგაზრდების ბედს და მათ აქტიურობას.
მაესტრო მუდამ თავისუფალი ადამიანი იყო, ასე აღიქვამდა სამყაროსაც და მომავალსაც ოპტიმიზმით უყურებდა – „საქართველო კი არ დამთავრდა, ფეხზე წამოდგომა ისევ დაიწყოო.”