არაჩვეულებრივი წერილი ვაჟა ფშაველაზე

ვაჟა ფშაველაზე არაჩვეულებრივი და უძვირფასესი მასალები შეკრიბა ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ. მან ვაჟას შვილის – გულქან რაზიკაშვილის ნაამბობი ჩაიწერა და მომავალ თაობებს ნამდვილი საგანძური უსახსოვრა:

“გულქანს ვეკითხები: სად იყავი, მამის სიკვდილის ამბავი რომ მოგიტანეს, თუ გახსოვს ის დღე ან ადგილი?

მტერი იყოს, ჩემი მტერი! ძროხებშია ვარ და წინა დღესა ხომელმა ბიჭმა გამაიარა, ძმისთვი მითხოვა, იმის რძალი გავხდი.

მერე სვიმან თურმანაული იყო, იმან მითხრა, რო თიანეთში ვიყავ, გაზეთსა კითხულობდენო. მამაშენს გადაუტანავ კუჭის აპერაციაო. გამიხარდა, ძალიან
გამიხარდა.

მეორე დღეა და ისევ ჯვარში მყავ ძროხები. დიდი ძროხები იქ დამიდიოდა… ჩვენი გვარისა იყო. – ეო, რაღა ვქნათ ეხლაო, – მითხრა (ნიკიფორე იყო, ბასილაანთ ნიკიფორე, რაზიკაშვილი) – გულქანოო, მამა მოგიკვდა, დაიღუპენითო, შე ბეჩაო, რაღა გეშველებაო…

იმის შემდეგ დავკარგე თვალის სინათლე და დავდეგ ერთზედა. რაზე მივხვდი ეხლა: იმ ჯვარში დაჯდომა ვიცოდი ერთი იფნის ქვეშა და იქიდან ვიყურებოდი. ტყის სილამაზეს ვთვალთვალობდი, იმ იფნის ქვეშ ვიცოდი პურის ჭამაცა. იქვე ვზივარ და გამოვსცქერ ტყესა. აღარ არი ისე ლამაზი, იცვალა ტყემა ფერი, იცვალა და ჩამეხოცა მუხლები. დავიწყე ტირილი, ჩამოვიყვირნე, გადავიქე იქა და ვტიროდი. ის ნიკიფორეც ჩემთან ერთად ტიროდა. ადგა მერე და წავიდა. გული წამსვლოდა ტირილშია მარტუასა…

ძროხებს ვედეგ, რო მეველეს გუდა არ წეერთვა ჩემდა, მოვიკიდებდი ხბოს გუდასა, შიგ პურაი და… ვაიმეე! ბეჩაობით გაზდილი ვარ, ბეჩაობითა, ძალიან ბეჩაობით გაზდილი, ძალიანა!..

ყანაში გავიდა ძროხებიო, – მომადგნენ, ვეღარას უშველ ტირილითაო… დარდიც ეხება თვალებსა, დარდიცა, ეხება, აბა, რას არ ეხება! რატო, ვეღარ ვხედავდი იმ ტყესა ისე ლამაზსა, იმიტო, რო იქ ჩაკვდა რაღაც, იქ მეცა ელდა და დაეკარგა ტყესაცა ფერი.

გათხოვებამდე სუ იქ ვიარე და ის ტყე მე ლამაზი ვეღარ ვნახე, ვეღარა…

ვეღარას უშველ ტირილითაო… ძროხები მოვაქუჩე… იფნი ისევა დგა ექა, ხატადაა ეხლა ის იფნი. იმის ქვეშ გვქონდა ბაკი, იქ შევყარე და შემოვე შინა…

ტირილი და ზარი იდგა. ტანისამოსები საუცბათოდ გაეშალათ მამაისა. შამოხვეული ჰყვანდა კაცი, დედაკაცი. ყველა მოსულიყო სოფლისა და ტიროდენ. ერთი დედაკაცის ნატირალი ეხლაც მახსონ. ის არ დამავიწყდება. ის დედაკაცი იყო ბერათ ნათელაი, ვისიც სიტყვები დავიმახსოვრე, ბუთლაის სახლობა, იმის ქმარს ბუთლა ერქვა, თვითონ კაწალხეველი ქალი იყო.

ეს არიაო ჩვენი ლუკაიო, ბადალი მთელი ხმელეთისაო…

დაუწერე ასახსნელიც, ეთერო, “ბადალს” ვერ გაიგებენ.
“ბადალს” ვეძახით დიდებულ სახელსა. თვითონაც მიხვდება ზოგი და ვინც ვერ მიხვდება, წაიკითხავს.

ვერ გაიგეთაა, ჩარგალლებოო, შაგვეხსნა რკინის კარებიაო…

ტიროდეს, წიოკობდეს მამაის ტალავრის გარეშემო. მენც მომინდა, ხმამაღლა მამისთვი მეთქვა რა. მახსონ, დავიწყე:

ჰა, გიდი, ვეფხო, მთის არწივო, სიკვდილი როგორ მოგერიაო…
მამავ, აკი ის მითხარ, სარუბაშკავეს მოგიტანო და…

შემრცხვა მერე და დავდუმდი, კარგა დავიწყე და ის რუბაშკუაი რაღას გამოურიე ტირილში, აბა, რა საჭირო იყო იმის გამორევა! სად ვეფხვისთვი სიკვდილის არ მორევა და სად რუბაშკუაი და გავჩუმდი, გავკმინდე ხმა…

იტირეს, იწიოკეს და წავიდა ხალხი…”