ტარიელ ჭანტურიას ორიგინალურობა მის არაჩვეულებრივ შემოქმედებაშია. პოეტის ლექსებში თითოეულ სიტყვას უდიდესი დატირთვა აქვს.
ამის დასტურად “არტ ინფო” ტარიელ ჭანტურიას ლექსს “პოეტის ბოლოსიტყვაობა” გთავაზობთ:
“მოვა და თვალზე ხელს აგვაფარებს,
ჩვენ კი არ ვიცით, ვინ არის იგი…
ასე მთავრდება ყველა ზღაპარი
და იხურება ცისფერი წიგნი.
ნანობს ურჩხული: „სულ ვიცოხნები.
დამწყდა მკლავები. მტკივა კუნთები.
მე დავიღალე – მთელი ცხოვრება
ნაფეხურების წაშლას ვუნდები“…
ყველა ზღაპარი როგორ გასრულდა,
სად მომიყვანა ჩემმა ბილიკმა…
მე ვნახე სულში ამოკაწრული
სიკვდილ-სიცოცხლის რთული ბილინგვა.
ღიმილი მოაქვს გოგოს ფშატიდან,
რომელსაც წეღან ნიავი წეწდა,
და თეა ჩემთვის ისე ატირდა,
თითქოს სიცოცხლე საერთოდ შეწყდა.
დგას ობელისკი ცად აზიდული –
სად შემიტყუა ვიწრო ბილიკმა…
ვნახე სიცოცხლეც, ვნახე სიკვდილიც –
მე ორივესი კმაყოფილი ვარ!..”