15 ივლისი, 2022

სიყვარულის ფორმულა ნოდარ მგალობლიშვილისგან

მსახიობ ნოდარ მგალობლიშვილს ქართული ვაჟკაცის ეტალონს უწოდებენ და სრულიად სამართლიანადაც.

ლელა ანჯაფარიძე კი მას უწოდებდა კაცს, ვინც სიყვარულის ფორმულა იცის:

“კაცი, ვინც სიყვარულის ფორმულა მართლა იცის…

საბედნიეროდ, არიან და არსებობენ ისეთი ადამიანები, ცხოვრებას მხოლოდ რომ გვილამაზებენ კი არა….

არამედ… ჰაერს, რომ ფილტვის მთლად გადავსებამდე გვიჟანგბადებენ…

დედამიწას განსაკუთრებულად სხვანაირი და მხოლოდ მათ რომ იციან იმგვარი ხიბლით რომ აბრუნებენ და ატრიალებენ…

სიცოცხლეს და რწმენას რომ გვიბრუნებენ… ადამიანობაში, კაცობაში და სამართლიანობაში…

ასეთი კაცი, სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა, მაგრამ იმდენად დიდები არიან, რომ ეს „ცოტა“ – „ ბევრზე ბევრია“…

ბატონი ნოდარი ჩემი ჯემალიკო-მამიკოსთვის უახლოესი ადამიანი იყო…

ჩემთვის ესეც საკმარისი იქნებოდა, საშინლად რომ მყვარებოდა…

მე რომ 3 წლის წინ, მართლა უკვე „იქით“ ვიყავი წასული… ჩემმა ანი ანდრონიკაშვილმა და მანანა შველიძემ, ნახევარი საავადმყოფო და მთელი რეანიმაცია გალახეს და შემოიყვანეს ბატონი ნოდარი…

მე არ ვაჭარბებ, მაგრამ მე მისმა შემოსვლამ გადამარჩინა…

იცით რა თვალებით მიყურებდა…

უბრალოდ, ვერ ვუღალატებდი და შუა გზიდან მოვბრუნდი…

არ გეწყინოთ ჩემს მართლა უახლოეს მეგობრებს, მაგრამ ნოდარიკო, თავისი შესანიშნავი ნინაჩკას თანხლებით, ჩემს ციცაბო და ქვაფენილიან წიკლაურის აღმართზე ყველაზე ხშირად ამოდიოდა და მამხნევებდა…

რადგანაც, „ჩემი აღმართი ყოველთვის მიაჩნდა ვაკედ“…

დღემდე ასეა, როცა მიჭირს, ვურეკავ ხოლმე ბატონ ნოდარს და ნინოს და ეს მაძლიერებს…

რაღაცა ძალიან პირადულზე გადავედი და მთავარი დამავიწყდა – ნოდარ მგალობლიშვილი უდიდესი მსახიობი და ყველაზე ღირსეული ადამიანია, ვინც კი შემხვედრია…

მე არა ვარ პატარა და ამხელა ქვეყანაში ამას რომ ვამბობ, ჯერ არცერთი კაცი არ შემხვედრია, მხარი რომ არ ამიბას… ჩემი ხათრით კი არა… უბრალოდ, მართლა ყველას უყვარს…

ეს არის ადამიანი, ვინც მირეკავს და არასდროს ოჯახის წევრების ამბების გამოკითხვის შემდეგ, რომ არ ავიწყდება ბოსარიონ ლაბრადოროვიჩის ამბების გაგებაც და კაცს როცა ასე სათუთად უყვარს ძაღლები და მე, რადგანაც იცის, ვინ არის ჩემთვის ბოსიკა… აბა, როგორ არ ჩავეხუტო დღეს და არ მივულოცო და არ ვთხოვო, რომ დიდხანს იყოს მაგრად…
მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ მე უმისოდ ვერ ვიქნები…

უბრალოდ, საქართველოს და ქართულ ერს უსაშველოდ ჭირდება ასეთი საოცარი ნოდარ მგალობლიშვილები…”

პ.ს. სამწუხაროდ, დღეს აღარც ლელა ანჯაფარიძეა ცოცხალი და აღარც ნოდარ მგალობლიშვილი.