10 ივლისი, 2022

რატომ მოიხსნა სპექტაკლი “მეფე ლირი”?

12 ივლისს კინომსახიობთა თეატრში რეჟისორ ზურა გეწაძის სპექტაკლი “მეფე ლირი” უნდა გათამაშებულიყო, თუმცა მოიხსნა.

თეატრის ოფიციალურმა გვერდმა წარმოდგენის მოხსნის მიზეზად მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და ბოდიში მოიხადა.

რეალური მიზეზი “მეფე ლირის” მოხსნისა კი მსახიობ აკაკი ხიდაშელის თეატრიდან წასვლა გახდა.
მან კინომსახიობთა თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს ივანე ხუციშვილს განცხადებით მიმართა, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა:

“თეატრში მიმდინარე ბოლო მოვლენებმა გააჩინა ბევრი შეკითხვა, რომელზეც პასუხები თქვენგან ვერ მივიღე. როგორც გახსოვთ, თქვენი წარდგინების დღეს, კულტურის მინისტრი დასის წევრებს ხელფასების გაზრდას შეპირდა. მან თავისი დაპირება შეასრულა და მართლაც სამინისტრომ თეატრს საგრძნობლად გაუზარდა ბიუჯეტი.

შემდეგ, აპრილის ბოლოს, როცა თქვენ ახალი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყეთ მსახიობებთან, ეტყობა მიიჩნიეთ, რომ უკვე მაღალი თანამდებობის პირს, აშკარად დისკრიმინაციის უფლებაც გქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე წევრს გაუზარდეთ საგრძნობლად ხელფასი, (მიმაჩნია, რომ ისინი დღეს მეტსაც იმსახურებენ), დასის დანარჩენ წევრებს ან დაუტოვეთ მანამდე არსებული ხელფასი, ანც შეუმცირეთ, ზოგს კი ჩვენდა გასაკვირად საარსებო მინიმუმამდე დაუყვანეთ. თქვენ ასე “მოახმარეთ” თუმანიშვილის თეატრს სამინისტროდან დამატებული თანხა.

ჩემთან ინდივიდუალური შეხვედრის დროს, როდესაც მაცნობდით ახალი ხელშეკრულების პირობებს, თქვენ ყველაზე მიზერული ხელფასის – 240 ლარის – დანიშვნის მიზეზად დამისახელეთ შემდეგი:

1.ის, რომ “საჭიროება ახლა ასეთია თეატრისთთვის”. შემდეგ დღეებში კი გაირკვა, რომ სიტყვა “საჭიროება” დისკრიმინირებულ ყველა მსახიობთან გამოიყენეთ, თუმცა ვერ ახსენით თანხობრივად როგორ განსაზღვრავთ საჭიროებას. ესა თუ ის მსახიობი ან საჭიროა თეატრში, ან არ არის საჭიირო. თუ საჭიროა, ხელფასს რა ნიშნით აკლებთ? ხოლო რადგან კრიტერიუმების გარეშე აკლებთ – ეს უკვე დისკრიმინაციაა.

2.ასეთი სამარცხვინო ხელფასის დანიშვნის მიზეზად მითხარით, რომ მე კიდევ სხვა ორ თეატრშიც ვმუშაობ, თუმცა პირადად თქვენ, ესოდენ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნის მიუხედავად, კიდევ სხვა, ორ სამსახურშიც იღებთ ხელფასს და ამის წინააღმდეგი არ ხართ. მე გენდეთ, რადგან ჩავთვალე, რომ თეატრში ხელფასის გაცემის ახალი წესი განსაზღვრეთ, რის გამოც, თქვენს მიერ შემოთავაზებულ ხელშეკრულებას იქვე მოვაწერე ხელი, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, თქვენ იცრუეთ, რადგან იმ მსახიობებს, რომლებიც ანალოგიურად, სხვადასხვა თეატრებში მუშაობენ, პირიქით – გაუზარდეთ ანაზღაურება, რაც ჩემთვის მხოლოდ სასიხარულოა.
მსახიობების მიერ მოთხოვნილი დასის ბოლო კრების შემდეგ ჩემთვის კიდევ უფრო გაუგებარი დარჩა აღნიშნული ცვლილებების მიზეზი და საფუძველი. გაუგებარია ისიც, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეთ, როცა ესოდენ დისკრიმინაციული და მკვეთრი განსხვავების უფლება მიეცით თავს დასის იმ მსახიობთა მიმართ, რომელთაც შეურაცხმყოფელად შეგვიმცირეთ ხელფასი. ხელფასების ასეთი სამარღცხვინო დაკლება დაუშვით მაშინ, როცა კულტურის სამინისტრომ თეატრს სახელფასო ფონდში თანხა მოუმატა და არა პირიქით – თეატრის ბიუჯეტს 90.000 ლარზე მეტი დაემატა. ყოველივე ამის გამო დასში, მათ შორის იმ მსახიობებში, რომლებსაც მოემატათ ხელფასი, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ განხორციელებული დისკრიმინაცია იმ მდაბიო განზრახვით ჩაიდინეთ, რათა რეპერტუარიდან გაგექროთ ყველაზე მოთხოვნადი სპექტაკლი, რადგან ფიქრობდით რომ ამ სპექტაკლში მონაწილე მსახიობები პროფესიული შეურაცხყოფისა და ელემენტარული თავმოყვარეობის გამო, დატოვებდნენ თეატრს და სპექტაკლის მოხსნა თქვენ აღარ დაგბრალდებოდათ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თქვენთან, როგორც თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობისთვის შეუფერებელ პირთან, ერთობლივად ხელოვნების ნაწარმოების შექმნაზე ფიქრიც კი ჩემთვის შეუძლებელი იქნება, რის გამოც გადავწყვიტე დავტოვო თეატრი.

ზურა გეწაძე, “მეფე ლირის” რეჟისორი:

“რეალური მიზეზი რატომაც მოიხსნა სპექტაკლი “მეფე ლირი” არის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის არასამართლიანი, უკანონო და დისკრიმინაციული დამოკიდებულება მსახიობების მიმართ.

ჩემი სოლიდარობა ქართული თეატრის გამორჩეულ, უმაგრეს მსახიობს, პროფესიონალს, ღირსეულ პიროვნებას – ბატონ აკაკი ხიდაშელს!

პ.ს. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრო – უხერხულია, რომ მე მბლოკავთ და ამ კომენტარს ვერ ვწერ თეატრის გვერდზე.”