23 ივლისი, 2022

მურმან ჯინორიას გამორჩეული ვიდეო

მსახიობი მურმან ჯინორია მხატვრული კითხვის დიდოსტატია. მის მიერ წაკითხული ცნობილი პოეტების ცნობილი ლექსები მსმენელისთვის სულ სხვანაირად აღიქმება.

“არტ ინფო” გთავაზობთ ვიდეოს, სადაც მურმან ჯინორია შოთა ნიშნიანიძის ლექსს “კაცია და გუნება” კითხულობს.

“ფრინველებში შაშვი მიყვარს,
შაშვი მებულბულება.
ბულბულს შაშვი მირჩევნია,
კაცია და გუნება.

ახ, გიტარავ, შენ მომიკვდი,
რაღა მერანუნება…
მაინც ყველას მირჩევნიხარ…
კაცია და გუნება.

კვიცივით ხტის ნორჩი გოგო,
ან რა დაეწუნება,
ზოგს კი ბანოვანი მოსწონს,
კაცია და გუნება.

ვშლი დიდებულ უცხოელებს,
სხვაც ბევრია ცდუნება,
ფშაველა კი ცეცხლს მიკიდებს,
კაცია და გუნება.

ბედნიერ კაცს ეჭვით ვუმზერ,
განა გამემტყუნება?
გულმოკლული უფრო მიყვარს,
კაცია და გუნება.

თავო ჩემო, რაც ხარ ეგ ხარ…
ვერ გადახვალ ბუნებას,
ზოგი გმტრობს და ზოგს უყვარხარ,
კაცია და გუნება.”