5 ივლისი, 2022

კოტე ყუბანეიშვილის საუკეთესო სიტყვები

პოეტ კოტე ყუბანეიშვილის შემოქმედება მრავალფეროვანია, ამიტომაც მას მრავალფეროვანი მკითხველი ჰყავს.

“არტ ინფო” გთავაზობთ პოეტის ერთ-ერთ ლექსს “ლომი და ხარი”, რომელიც მის პოეზიაში ერთ-ერთი საუკეთესოა:

“ლომი და ხარი

ერთხელ, როდესაც მეგობრობას აუბა მხარი,
ლომს რესტორანში საქეიფოდ შემოყვა ხარი
და ჯანმრთელობა რადგან ჰქონდა ორივეს რკინის,
გათენებამდე აღარ მორჩნენ დალევას ღვინის.
აღარ უჩანდა მათ უაზრო ღრიანცელს ზღვარი,
მაგრამ უეცრად ტელეფონის გაისმა ზარი
და ხმის კანკალით, ფერწასული, სუფრასთან მჯდომი
„ახლავე მოვალ” ჩურჩულებდა ყურმილში ლომი.
„უბრალოდ რაღაც საქმე მქონდა, ამიტომ შევრჩი”
თქვა ეს და თვალი ხარს ჩაუკრა, რომ ეჯდა გვერდში.
– ვინ არის ასე რომ გაშინებს? – გაოცდა ხარი,
როდესაც ლომში ამოიცნო უეცრად ცხვარი.
ლომმა თქვა: – უნდა მაპატიო ჩემია ცოლი,
დღეს ჩვენს ოჯახში მას ეკუთვნის მთავარი როლი.
ხარს გაუკვირდა – ცოლს რად აძლევ უფლებებს ამდენს?
მე მაგალითად, ჩემი ცოლი სულ კუდში დამდევს.
ლომს გაეცინა, – ცოლს ძნელია მოუგო ომი
შენი ცოლი ხომ ძროხაა, ჩემი კი ლომი…
…მე ამბის ბოლო რა თქმა უნდა იქეთკენ მიმყავს,
რომ სანამ ცოლს ჩხუბს დაუწყებდეთ, იცოდეთ ვინ გყავთ.”