1 ივლისი, 2022

კონსტანტინე გამსახურდიას გენიალური პრინციპი

კლასიკოსმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ თავისი შემოქმედების გენიალური პრინციპი ერთ-ერთ წერილში გაამხილა.

ჩანაწერი შეტანილია სერგი ჭილაიას წიგნში “მოგონებების გამა”:

“მე არც ერთი უცხოელი მწერლის ლიტერატურული სატელიტი არ ვყოფილვარ. იმ დასავლურ კულტურას თავად ვეზიარე იმ განსწავლულობის ჟამს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე რომელიმე დასავლეთის მწერლის პირდაპირი გავლენა განმეცადოს. მე იმ საერთო ლიტერატურულ ატმოსფეროში ვტრიალებდი, სადაც ამ მისტიკოსების აკვანი დაირწა. სიჭაბუკეში დიახაც ბევრი მისვამს შპრეეს, სენას, მოსკვარეკას, ტიბრისა და ტემზის წყალი, მაგრამ ყველაზე მეტად მიმირთმევია მტკვრისა და რიონის. ნაციონალური მწერლობა იქ იწყება, სადაც უცხოთა ზეგავლენა დაძლეულია.

რაც შეეხება ჩემს ენობრივ პოზიციას, აქ ჩემი გეზი მაქვს მინიშნებული. ტეტიათა მოტრფიალეთა კუთხურმა პროვინციალიზმმა ქართული მწერლობა ეთნოგრაფიულ ზღუდეებში მოამწყვდია. საჭირო იყო ამ პროვინციური სამანების გარღვევა. ევროპული სტანდარტების გვერდით უნდა დამდგარიყო ქართული მწერლობა. ერთ-ერთმა პირველმა აქეთკენ ავიღე გეზი. ასე მოვიქეცი ქართული ენის მიმართაც. მე მწამდა და მჯეროდა, რომ ერთიანი ქართული ენის დადგენაში საქართველოს ყველა კუთხეს თავისი წვლილი უნდა შეჰქონდეს, ისე როგორც ჩვენი მკლავმაგარი მეფეები იბრძოდნენ და იღწვოდნენ ფეოდალური პარტიკულიარიზმისგან დაქსაქსული მიწების გაერთიანებისთვის, ქართულ ენაზე მეტყველი ოსტატიც უნდა ეცადოს გააერთიანოს ქართულ დიალექტებში გაბნეული მარგალიტები ხალხური მეტყველებისა, ახალი ჟღერადობა და ახალი სიცოცხლე მიანიჭოს მათ.
მე მიზნად დავისახე ქართული ენის ეტიმოლოგიური მარაგის გამდიდრება და ძირეული დიალექტების მეოხებით, რაჭულის, მეგრულის, ზემო და ქვემო იმერულის, ქართლისა და კახეთის, საქართველოს მთიანეთის, ხევისა და ფშავ-ხევსურეთის, თვით სვანურის ხარჯზე. ამ მიზნით მთელს საქართველოში ვმოგზაურობდი და ვნადირობდი ქართულ სიტყვებზე.

ერთი მხრივ ქართული ენის გამდიდრება ჩვენი უძველესი და უბრწყინვალესი წინაპრების: რუსთაველის, ვისრამიანის მთარგმნელის, მერჩულეს, მთაწმინდელების, საბა-ორბელიანის ძირებთან ზიარებით და მეორეს მხრით ქართული მითოლოგიის, ქართული ზღაპრების, მრავალსახიერ ქართულ დიალექტებსა და კილოკავების ულევი ეტიმოლოგიური მარაგის გამოყენება – ასეთი იყო და არის ჩემი ენობრივი პოზიცია.

აქვე დავუმატებდი: ჩემი რომანის გმირებს, რომლებიც მოქმედებენ დიდი ევროპულ ქალაქებში, სჭირდებოდათ მეტყველებაში ქალაქური ურბანისტული ინვენტარიც. მე განზრახ არ მოვრიდებივარ გერმანულ-რომანულ წარმოშობის ბარბარიზმებს. ამ გზით ქართულ ენას ერთგვარი ინტერნაციონალური იერი მივანიჭე. არაფერი ნაციონალური საყურადღებო არ არის, თუ მას საერთაშორისო უნივერსალური მნიშვნელობა არ აქვს. ამ პრინციპს ვედექი მე და ვიცავდი მწერლობაში.”

PROGRAM · STEP