14 ივლისი, 2022

ილია ჭავჭავაძის წინასწარმეტყველება ვაჟა ფშაველაზე

ილია ჭავჭავაძემ ვაჟა ფშაველაზე ზუსტად იწინასწარმეტყველა, როდესაც მისი “შვლის ნუკრის ნაამბობი” წაიკითხა – “კოჭებზე ეტყობა რა ვაჟიკაც არის, შორს წავა, შორს!“

ილია ზრუნავდა იმაზე, რომ ვაჟას ნიჭი არ დაკარგულიყო და მაქსიმალურად უწყობდა ხელს – ვაჟას ნაწარმოებები ძირითადად ,,ივერიაში“ იბეჭდებოდა. ილია ჭავჭავაძემ იგი ,,ივერიაში“ სამუშაოდაც მიიწვია, თუმცა მთის არწივმა იქ მხოლოდ სამი დღე იმუშავა – მეოთხე დღეს გადაწყდა – ვაჟასთვის თვეში 5 თუმანი დაენიშნათ, სამაგიეროდ, ყოველ თვე რაიმე ნაწარმოები უნდა ჩამოეტანა.

როდესაც ილიამ ვაჟას ,,მოხუცის ნათქვამი” წაიკითხა, დიდხანს ჩაფიქრებული იჯდა. ბოლოს კი აღტაცებით წამოიძახა – ,,არა, არა! ახლა ჩვენ, ძველებმა, კალამი უნდა ძირს დავსდვათ, გზა კი ვაჟას უნდა დავუთმოთ! ,ვაჟა-ფშაველა ჩემს თვალში იმოდენა მწერალია, რომ მის შესაფასებლად არ კმარა ერთი კაცის ძალ-ღონე.”

ილია ჭავჭავაძეს სურდა, რომ პეტერბურგიდან დაბრუნებული ვაჟა ფშაველა უკან დაებრუნებინა, რათა განათლება მიეღო, ძმებმა ყიფშიძეებმა ილიას უთხრეს: “ვაჟას ფული შევუგროვოთ და ბერლინის უნივერსიტეტში გავგზავნოთ”.

ილიამ უპასუხა: “ბატონებო, ვაჟა პეტერბურგიდან იქნებ ბედმაც დააბრუნა და თქვენ ახლა გერმანიაში უპირებთ გაგზავნას? ძლიერ კარგი, მაგრამ იცით კი რა გამოვა? თავი დაანებეთ, გერმანიაში იქნებ არაფერი გამოუვიდეს, უკეთს შემთხვევაში ფილოსოფიას დაეწაფება, მაშინ ფანდურს მაღლა ჭერში შესდებს. ვაითუ, ვერც ფილოსოფოსად ივარგოს, ფანდურიც სამუდამოდ დაემსხვრას. მაგას ჰონორარი დაუნიშნეთ, ისევ მთაში წავიდეს და წეროს – თავისებური ფანდურის ჟღერით დაგვატკბოსო.”