8 ივლისი, 2022

განსაკუთრებული გზავნილი აკაკი ბაქრაძისგან

აკაკი ბაქრაძისგან ქართულ საზოგადოებას არაერთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული გზავნილი მიუღია.
“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

“ქართველ კაცს არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც სხვა ერის ადამიანს არ ჩაუდენია. საქართველოში არაფერი მომხდარა ისეთი, რაც სხვა ქვეყანაში (ყველაზე უფრო ცივილიზებულშიც კი) არ მომხდარა.

შალვა ნუცუბიძემ თქვა ერთხელ ლექციაზე: ევროპას არა აქვს უფლება დაიკვეხნოს თავის კულტუროსნობით დანარჩენი კაცობრიობის წინაშე, სანამ მის პასპორტში ბართლომეს ღამე სწერიაო.

ქართველიც ადამიანია და, ნებით თუ უნებლიეთ, სჩადის ბოროტებას. თუ ჩვენ ეს გვაშინებს, გულს გვიტეხს და სასოწარკვეთილებაში გვაგდებს, ეს იმიტომ, რომ ჩვენი წარმოდგენა ქართველ კაცზე, საერთოდ, ქართველ ხალხზე, ტყუილზე, სიცრუეზე, გამოგონილ განსაკუთრებულობაზე ავაშენეთ.

როცა ჩვენ მივხვდებით, დავიჯერებთ, რომ ქართველიც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც ყველა სხვა ქვეყნის შვილი, რომ ქართველისთვისაც არაფერი ადამიანური, არც კარგი და არც ავი, უცხო არ არის, მაშინ საქართველოში მომხდარ ყველა მოვლენას ფხიზელი გონებით, გამჭრიახი თვალით და გაგებით შევხვდებით. არც უსაფუძვლო სასოწარკვეთილება დაგვეუფლება და არც უსაფუძვლო აღტაცებას მივეცემით.

ტყუილსა და სიცრუეზე ერისა და ქვეყნის მომავალი ვერ აშენდება, იგი სიმართლესა და ობიექტურობას უნდა დაეფუძნოს. სიმართლე და ობიექტურობა კი ის გახლავთ, რომ ჩვენ ლუარსაბ თათქარიძის გარდა, ამირანიც გვყავს, თეიმურაზ ხევისთავის გარდა – ავთანდილიც, კვაჭი კვაჭანტირაძისა და ყვარყვარე თუთაბერის გარდა – მინდიაც. ქართველის სულში ამ ორი საწყისის ბრძოლაა. ჩვენ დღემდე იმიტომ მოვედით და მომავალშიც იმიტომ ვიქნებით, რომ ამ ბრძოლაში ყოველთვის ამირანის, ავთანდილისა და მინდიას საწყისი იმარჯვებდა.”