2 ივლისი, 2022

ექვთიმე თაყაიშვილის ძალიან კარგი წერილი

საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა ქართული საგანძურის მცველმა ექვთიმე თაყაიშვილმა ძალიან კარგი წერილი დაგვიტოვა, რომელიც რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად აქტუალურია:

“ჩვენ ვერ გამოვდექით ღირსეულ შვილებათ, ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს.

არც სამშობლოში ვვარგოდით და ემიგრაციაში ხომ სულ დავიქსაქსეთ, ჯგუფები ერთმანეთს ჩასდგენიან კრიჭაში, მტრებს კი არ ებრძვიან, ერთმანეთის მოსპობა დაუსახვან თავის მიზნათ. ყველა ერთმანეთის ლანძღვაში და გაქირდვაში არის ჩაბმული. ყველა ერთმანეთს აკრიტიკებს და თავისთავად არც ერთი არ ვარგა.

იმ ქაოსში, რომელშიაც ეხლა მსოფლიო იმყოფება, ყველა ქართველი რომ ერთსულოვნად ვიყვეთ, მაშინაც ძნელია დიდი შედეგების მიღწევა, თორემ ასეთ დაქსაქსულობაში რაღა სახეიროს უნდა მოველოდეთ?! რაღას უნდა მოველოდეთ იმ პირთა და ჯგუფებიდან, რომელთაც თავიანთ თავი უაღრეს პატრიოტებათ მოაქვთ და ჩვენი პარიზის ლეგაციის დახურვას, – ამ ერთად ერთ სიმბოლოს და ფაქტიურ დასაყრდნობს თავისუფლებისას, – ტაშისცემით ეგებებიან და დიდ დადებით ფაქტორად აღიარებენ საქართველოსათვის!

ამ მდგომარეობაში ჩვენი მოვალეობაა ემიგრაციის ახალ თაობას მოვუაროთ, ის დავაყენოთ ჭეშმარიტ გზაზე, გამოვზარდოთ რამოდენიმე პირი მიანც, მივსცეთ მათ შესაფერი მომზადება, რომ საქმის გაკეთება შეეძლოთ და ღირსეული წარმომადგენელნი გახდნენ ერისა და მათი ბედის ხელმძღვანელნი. არც ერთ დარგში ჩვენ აქ მომზადებული კაცი არა გვყავს. ჩემი ცთა ყოველთვის ასეთი ახალგაზრდების მომზადება იყო.

იქ საქართველოში მიზნათ გვქონდა ახალგაზრდობა გარუსებისაგან დაგვეცო, პატრიოტულად, ქართველად გაგვეწაფა. ამას რამოდენიმეთ მივაღწიეთ, შემთხვევითი არ არის თუ გაიხსენებ, რომ ყველა გამათავისუფლებელი კომიტეტის წევრები ჩვენი სააზნაურო სკოლის შეგიერდები იყვნენ, მაგრამ ეს საკმაო არ იყო. პოლიტიკურად დიდი მომზადებული და გამოჩენილი პირები ვერ შევქმენით, უსახსრობის და სხვა მიზეზების გამო. ეს ნაკლი უნდა გამოსწორდეს, აქ უნდა თავი მოვუყაროთ და გზა მივსცეთ ნიჭიერ ახალგაზრდებს, მტკიცე ხასიათის პატრონთ, და ყოველ დარგში ვიყოლიოთ საკმაო უაღრესად მომზადებული პირები. ამიტომ მე სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა ალექსი მდივანის მოწვევით მისგან დაარსებულს სასტიპენდიო კომიტეტში და თუ ეს საქმე მან შესძლო და ჯეროვანად დააყენა, დიდი საქმე იქნება…”