24 ივლისი, 2022

ედიშერ მაღალაშვილის დაუვიწყარი ამბავი

თეატრისა და კინოს მსახიობს ედიშერ მაღალაშვილს ძირითადად უარყოფითი როლების განსახიერება უწევდა, თუმცა მაყურებელს მაინც ძალიან უყვარდა.

უნიჭიერესი ხელოვანი ყოველთვის განსაკუთრებულად იხსენებდა რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილთან შეხვედრას, რომელმაც მსახიობი ფილმში “ქეთო და კოტე” მიიწვია:

“ვახტანგ ტაბლიაშვილმა დამიძახა და მითხრა, არ არის მთავარი როლი, მაგრამ შენისთანა ბიჭი კოტეს გარემოცვაში მჭირდება და ჩემთან უნდა მოხვიდეო. ტაბლიაშვილს ვინ ეტყოდა უარს? ის იყო ღმერთი ჩვენთვის. მაშინ დადგა “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი”, “ერეკლე მეფე”, “დავით აღმაშენებელი”. ზღაპრული სპექტაკლები ჰქონდა.

მივედი და როცა კოსტიუმებს და გრიმებს სინჯავდა, ცოტა მოშორებით დავხტოდი, უცებ დამიძახა, მეორე რეჟისორს მოატანინა ტექსტი და მითხრა, ამ სტროფს ისწავლი და სადაც გეტყვი, იქ უნდა გამოჩნდეო.

ეპიზოდი, სადაც ფანჯრიდან ვუყურებთ ქეთოს სიმღერას, არ იყო სცენარში და ტაბლიაშვილმა სპეციალურად ჩემთვის მოიგონა.

ეს როლი ყველაზე მეტად მიყვარს, იმიტომ რომ სწორედ ამ პატარა როლმა გამიხსნა გზა თეატრისაკენ.”