26 ივნისი, 2022

ვახტანგ ჯავახაძის უძვირფასესი სიტყვები

პოეტი ვახტანგ ჯავახაძე თავისი უძვირფასესი ლექსებით ხშირად იმაზე მეტს გვეუბნება, ვიდრე ჩვენ – მის მკითხველებს წარმოგვიდგენია.

მისი ლექსი “თურმეობითი” ამის უტყუარი დასტურია:

“მიყვარს თურმეობითი: დაგვიწყია სვლა-წასვლა,
თურმე ნაპოლეონმა იტალია გაძარცვა.
თურმე იღბალს განაგებს ვარსკვლავების ორბიტა
და მრავალი იმედი გაათურმეობითა.
თურმე შოთას თამარი… თურმე ბესიკს ანები…
თურმე დადიანები ხშირად აგვიანებენ.
თურმე საუკეთესოს ნიშნავს ფილიგრანული…
თურმე გალაკტიონმა თავი… თურმე გრანელი…
თურმე ნიშნიანიძეს ბევრჯერ დაუკვეხნია
და ჩანტლაძეც ყოფილა რუსთაველის სეხნია.
თურმე დაუბრებულან მავანი და მავანი,
თურმე მამალს ოდესღაც ერქვა ამპარტავანი.
თურმე სარკოფაგიდან დგება ხოლმე მუმია,
ზოგიერთი ქართველი თურმე რუსეთუმეა.
თურმე განირჩევიან რაობა და რაება,
თურმე მამაკაცებსაც უყვართ წაჭორავება.
თურმე მიქელანჯელო… თურმე ნიკო ფიროსმანს…
თურმე დამარცხებისთვის გაიმარჯვა პიროსმა.
თურმე ერთხელ ბებერმა ჰომეროსმაც ჩათვლიმა
და არსენას ესროლა საკუთარმა ნათლიმამ.
თურმე სად ერეკლე და სად მარია კალასი,
როცა დარღვეულია გენდერული ბალანსი.
თურმე აღარ ამართლებს უკვე მსახიობობა
და ვერ გაამაჯამეს ოფოფი და ობობა.
თურმე დაუმეგობრდა გვატემალას კენია,
მაგრამ გვატემალაში შვიდი პარასკევია.
აღარ ექომაგება თურმე ვასალს ვასალი,
თურმე თურმეს არა აქვს მუხრუჭი და ვაგზალი
და თუ მოიპოვებენ სახლებს უსახლკარონი,
თურმე აღარ მოქმედებს თურმეობის კანონი.
ბევრი წყალი ჩაივლის უჩემოდ და უშენოდ,
მოვასწროთ და მოყვარეს მტერი გადავუშენოთ.
მსურს – დავრგო და დავტოვო ერთი ჩემი კოპიტი,
რაკი წუთისოფელიც გახლავთ თურმეობითი.”