13 ივნისი, 2022

უნიჭიერესი ედუარდ უგულავა

ედუარდ უგულავა იმ პოეტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც თავისი შემოქმედებით ამბობენ მთავარ სათქმელს:

“იმ დღეებში

იმ დღეებში კალამს დადებს აღმწერელი ჟამთა…
დაიწყება ულმობელი დევნა ქრისტიანთა.
იხმობს შავი ანგელოზი თავის ერთგულ მხლებლებს,
ჯადოთი და შელოცვებით მკვდართა დამძახებლებს.
ჯოხს აქცევენ ქვეწარმავლად, წყლად აქცევენ ღვინოს,
რომ ასეთმა სასწაულმა ბევრი შეაცდინოს.
სხვა სიმძაფრით მიიზიდავს დუჟმორეულ ნადირს
ყველა, ვისაც საკმეველის სურნელება ასდის.
იმ დღეებში გული მოყვასს უფრო შეიძულებს,
,,ვაი, მაშინ ორსულებს და ვაი, მეძუძურებს“.
იმედს დაფლეთს გაჭირვება, ხორცს დაალპობს ჭირი,
ბევრი სული გაქვავდება, უფალს შესაწირი.
რა ამაო შეიქმნება სიმწრით თითის კვნეტა,
„ვაი, მაშინ ცოდვილთა და მცირე მორწმუნეთა“…
კერპების წინ მოიყრიან გაწყალებულ მუხლებს,
ვისაც შიში და შიმშილის გრძნობა შეაწუხებს.
არ იქნება მოსვენება, არ იქნება ძილი,
ცაზე მთვარე იტრიალებს, სისხლით გაჟღენთილი.
ადამის ძე პეშვით შეჭამს უნაყოფო მიწას
და სამშვინველს უმხურვალეს კვნესით გამოიწვავს,
რადგან შვებას ვერ იპოვის, დანატრული ძილის
და კუპრისფერ ყიამეთში ფეხშიშველა ივლის.
სახეს ხელით დაიფარავს, ცივი ქარით ნაცემს,
სული – გვამში, ხოლო გვამი ბნელში იბარბაცებს.
შავი წყალი დასდინდება ქვებზე დამსკდარ ქუსლებს,
ხორცი ცოცხლად ამჟავდება, მატლი იფუსფუსებს.
ბრბო ლასლასით შეგროვდება სასაფლაოს კართან,
„თქვენ ამოდით და ჩვენ ჩავალთ!“ – ჩასძახებენ მკვდართა…
და თუ მაინც გათენდება როგორმე და ძნელად,
მზე არას გზით არ ამოვა ძაძაჩაუცმელად.
სმენას დაფლეთს მგლის ყმუილი და ყრანტალი ყორნის,
მხეცი სტომაქს ვერ წამოწევს, ლეშით ამოყორილს;
და როს ქანცი გაეცლება ერთა შორის ომებს,
ბოროტი რომ საბოლოო ჟინით გაილომებს, –
აღსრულდება! (უფლის სიტყვას არ სჭირდება დავა,
ცა და მიწა გადავა და იგი არ გადავა)
და სხვა შიში ჩაუდგება თვალში ევას ნაგრამს,
როცა ზეცის შავ კაბადონს ელვა გადაგრაგნავს,
დაიმსხვრევა ხმაურისგან ნიჟარები ყურის,
რადგან მიწას საყვირების ზარი გადაუვლის.
ჩამოცვივა ვარსკვლავები თავზარდამცემ ხმებად
და ყოველი სულიერი მიწას განერთხმება.
ვინც იყოს და როგორც იყოს, ქვეყნის ოთხივ კიდეს –
რასაც თესდეს, უსათუოდ, იმას მოიმკიდეს…
წამში ბოლო მოეღება უსასრულო ლოდინს
და მიხვდება ძე კაცისა, რომ უფალი მოდის!”

ACCESS · TRAFFIC