18 ივნისი, 2022

თინათინ მღვდლიაშვილის შედევრი

პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის ლექსებიდან ნამდვილად შედევრი შეიძლება ეწოდოს მის ერთ-ერთ ლექსს – “ტაძართა და ვაზთა საგალობელი”:

“ღვთისმშობელო, გევედრები, ზეცა გამოადარო…
ბეწვის ხიდზე საქართველო დიდხანს უნდა ატარო?..
ეკალბარდით შემოსილა სამზეო, საიეთი,
ბერთა, ბანა, ბეთანია, ბუგეული, ბიეთი.
ღვთისმშობელო, დაგვიბრუნე არტანუჯი, ხახული,
შატბერდი და თუხარისი, ტაო – ჯერ არნახული!
ანანურის ძლიერება, ალავერდის სიმაღლე,
ბეშქენ, ბექა ოპიზრების ჩუქურთმების სილაღე.
ფანასკერტი, ფიტარეთი, ქვათახევი, ქსოვრისი,
ოშკი, ოთხთა ეკლესია, ოპიზა და ოძისი.
უბისა და უფლისციხე, პარხალი და ურბნისი,
ხობი, ხირსა, ხორნაბუჯი, ხეითი და ხერთვისი.
ღვთისმშობელო, დაიფარე, საქართველო პატარა! –
სამთავისი, სამწევრისი, სამშვილდე და საფარა.
ნიკორწმინდა, ნინოწმინდა, მაცხვარიში, მანგლისი,
ნეკრესი და ყველაწმინდა, ლაშთხვერი და ლარგვისი.
შიომღვიმე, შემოქმედი, შუამთა და ვარძია,
ლიხნი, ზარზმა, ზედაზენი, ტბეთი, ტბისი, ტანძია.
ვარციხე და ვაშლოვანი, ვაშნარი და ვაჰანი,
ქურმუხი და ქოლაგირი, ხუნანი და ხიხანი.
შავშეთი და შაშიანი, ყინწვისი და ყორნისი,
ჩაჟაში და ჩაილური, ბოდორნა და ბოლნისი.
ახალდაბა, ახალციხე, ნიქოზი და ნუნისი,
კლდისუბანი, ბერთუბანი, რკონი, რუხი, რუისი…
ღმერთო, ალბათ, საქართველოს უფლის მადლი აწვიმდა! –
ატენი და ანჩისხატი, მეტეხი და მთაწმინდა…
წინწყარო და წყაროსთავი, მრავალწყარო, ოფრეთი,
ლაილაში, ლელიანი, ორბელი და ორბეთი.
ლალხორი და ლიხაური, გომარეთი, გავაზი,
სარკინეთი, სეფიეთი და საყდარი ლამაზი.
ჯავისთავი, ჯახუნდერი, ჯაყის ციხე, ჯავისა…
წებელდა და წამებული, წირქოლი და ძალისა.
დოლისყანა, ლამისყანა, უჯარმა და უდაბნო…
ნარიყალა, ფერიყალა, მოწამეთა – უბადლო!
ჯგერდა, ჯვარი, ჯიხა, ჯრუჭი, ხიხაძირი, ხვანჭკარა…
ჯავახეთი, აფხაზეთი, გურია და აჭარა!
ხევსურეთი, იმერეთი, კოლხეთი და ლაზეთი,
გრემი, გაგრა, განთიადი, კახი, კეხვი – კახეთი!
ბირთვისი და თარგამისი, – ღვთისგან ნათავაზები,
ნაკიფარი, ნარაზენი, ნარი, ნადარბაზევი!..
დათუნა და დადაშენი, ჰერეთი და მესხეთი,
ბეჩო, ბზიფი, ბეშთაშენი, ბოჭორმა და ბესლეთი…
თეთრი ციხე, კვარაციხე, იყალთო და ჟალეთი,
ლიახვი და დარიალი, ვანთა, ვალე, – დვალეთი!..
ციხისჯვარი, ციხისძირი, ცხრაკარა და ცხრაწყარო,
უძლეველი ლორეს ციხე, სალხინო და სამთავრო…
ლალისყური, ლამარია, ლექართი და მარტვილი,
სხალთა, ხანძთა, ტვინი, ტვანა, ტაშისკარი, ტაშირი!..
ოქროს ციხე, ონის ციხე, – რაჭა, ქართლი, სვანეთი,
მოხატული საქართველო, – ფუნჯით და სავანეთი!..
ელიაზე – ოქროს გედი, – ახდენილი ზმანება, –
ანგელოზის ფრთებზე მდგარი საოცარი სამება.
სიონი და ჯვარისმამა, პირიმზე და ლაშარი…
მოირწევა ქართვლის გზებზე ვაზთა დიდი ლაშქარი!..
ღმერთო, თითქოს, საქართველო ვაზის მადლით აფერე, –
ოქონა და ოქროულა, ოცხანური საფერე…
გომის თეთრი, გორგოული, შავი განახარული,
დიდშავა და მტევანდიდი – ქართლის დანახარული.
თავცეცხლა და თავწითელა, შავი არაბეული,
დევისთვალა, ჩიტისთვალა, თეთრა, ნაფარეული…
ხარისთვალა მესხური და ხარისთვალა კახური,
გრძელმტევანა, დიდმტევანა, შავი გაბეხაური.
შავბარდა და შავყურძენა, მტრედისფერა, მაისა…
ვარდისფერად დააფერა აფხაზური აისმა.
მაღლარი და მაღრანული, გორულა და განჯური,
ჩხავერი და ოჩხამური, კრახუნა და კლარჯული…
ოჯალეში, ორბელური, ციცქა, ცოლიკოური,
ალმურა და ანდრეული, და ალექსანდროული…
ხულოს კალთებს შეფენილი თეთრი ჯავახეთურა,
შავშურა და შავჩხავერა, ხიხვი და ხოტეურა.
ვარდისფერი პირღებულა და რაბათის წითელი,
საკმიელა, საირმულა, რცხილი და რქაწითელი…
ტყის ვაზი და ტყის ყურძენა, – მზესთან გადახლართული,
საადრეო ქართული და, ქართულა და ქართლული…
ჭიპაკური, ჭეჭიბერა, თეთრი ათინაური,
ცანაფითა, ცივჩხავერა და ცრუ ცოლიკოური…
ანგელოზნო, დაიფარეთ ვაზთა დასავანეთი! –
მუკუზანი, წინანდალი, ხვანჭკარა და ჰერეთი…
წნორის თეთრი, წმინდა თეთრი, ჩაკმაშურა, ჩეჩქიში,
ჩხაბერძულა, ჩხინკოური, ჩერგვალი და ჩიჩკიში…
მუხიშხა და მუხა მწვანე, – მზის სარკმელში მბზინავი,
ადრეულა მცვივანი და იმერული მცვივანი…
სირგულა და სუფრის თეთრი, და სიმონასეული,
მეჯვრისხევის საფერავი და თვალდამწვრისეული.
უგვარო და უსახელო შავ-წითელა ვაზები…
თეთრა ღვინით ავსებული ქვევრები და თასები.
კაპისტონი – გაღმოური, კაპისტონი – მეგრული…
ღრუბელა და ღვინის თეთრა, და მანავი – მეფური!..
იორი და ალაზანი, ვაზით მიმოხატული,
ალავერდი, ახაშენი, ტვიში, ალადასტური…
ვაზისუბნის წითელი და თეთრი ვაზისუბანი,
კარდანახის წარაფი და ღვინო – ვარდისუბანის…
ვაციწვერა, ვარდისფერა, ვაიო და ვერნახი,
მსხვილთვალა და ყორნისთვალა, და მამუკას ვენახი…
სამაჭრო და საბატონო, – ზვრებად გადაჭიმული,
ფართალა და ფეროვანი, და არაგვისპირული.
მაგარა და მისკიეთა, თეთრი მეგრელაური,
ქველოური, ქაქუთერა, – დიდი ქინძმარაული!
მწვანე ვაზი – ათასგვარი, ხოფათური, ხითერი,
ნათელა და ნაშენება, წითელი და ყვითელი…
ბუერა და კახის თეთრა, ჯანი, მირზაანული,
ფითრა, ქისი, ფერუანი, მარჯენი და მაური!..
ციმციმებენ, ციმციმებენ ქარვისფერი ჭალები,
ვაზის ცრემლით შევსებული დოქები და ჯამები…
მზის სხივებით დასიცხული ჭურები და მარნები,
ოქროსფერი ვენახები, – ხელით საგოგმანები.
ჩათაფლული კალათები, ნამიანი მარცვლები,
მინდვრები და წარაფები, ოდები და ფაცხები…
საწნახელში ლივლივებენ ჩემი ურჩი ვაზები:
ლეჩხუმური აფხაზურა, ჯვარი და გავაზები.
და ბობოქრობს ოჯალეში – ღვინო დამათრობელი,
იწურება საღვთო ქვევრში ვაზთა საგალობელი!..
თითქოს მღერის საქართველო, – ვაზით შემოჯარული! –
ჩაკრულო და ზამთარია, მოხევური ჯვარული.
ხორუმი და განდაგანა, დავლური და მხედრული,
საქორწილო – კახური და საქორწილო – მესხური…
და როკავენ ღვთაებრივი ვარდნი და ლოტოსები,
საოცარი სამაია, – ფრესკის ანგელოზები.
გუშინ შვიდნი გურჯანელნი, საცეკვაო, სუფრული,
საფანდურო, საფერხულო, მაყრული და ურმული.
თამარ მეფე, თამარ ქალო, არალე და არალო,
წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა, ალილო, არალალო.
თებრონე მიდის წყალზედა, ტკბილი ძილისპირული,
იავნანა, იავნანო, ზარი, კალოსპირული.
დედეშ, დედეშ, მირანგულა, კალოური, კევრული,
შავლეგო და სისა ტურა, ხანჯლური და ფერხული…
ოროველა, ოროველა, დალა, ოქროს დიელო,
დიდება და დიამბეგო, ლაზარე და ლილეო…
წაიყვანეს თამარ ქალი, ჩონგურო და ცანგალა,
გონაშვილის ბროლის ყელი, – მთის ჩანჩქერზე ანკარა…
დიდი ვანოს ხავერდები, – ბგერა, როგორც ალმასი,
ნანა, რიხი, ხეურო და ჭონა, შაშვი ლამაზი…
წინწყარო და ჯვარის წინა, ცირა და კრიმანჭული,
ნენევ, ნენევ, – აჭარული! გუდასტვირი – რაჭული!
ჰარალე, ჰარიარალო, – კახის შემოძახილი!
გრძელი მრავალჟამიერი, ჭერი – ცამდე ახდილი!
როკავს, როკავს უძველესი საზეპურო ქვეყანა,
შაშვი კაკაბს ექიშპება, წყაროს – დედას ლევანა.
ჩემი დიდი საქართველო, – ნაომარ-ნამეხარი,
ალაზნის პირს გაყოლილი ჩემი შავი მერცხალი!..
ღმერთო, ნუთუ საქართველო მომაკვდავი გედია,
ნუთუ აღარ მფარველობენ ბეთლემი და ბედია?!.
ნუთუ ციდან არ ეშვება უფლის მადლი მცირედი,
შემოუწყრა ცეცხლის ჯვარი, ცუცხვათი და ცხირეთი?!.
ღმერთო, თითქოს შეტორტმანდა სვეტიცხოვლის სხეული
და ბარბაცებს საქართველო – დაჭრილი და სნეული!..
თითქოს ჩასცეს საქართველოს ალესილი ბებუთი
და ზანზარებს გუდარეხი, გერგეტი და გეგუთი!..
და ზანზარებს კაცხის სვეტი, კორცხელი და იკორთა,
და ჭიხვინებს თეთრი ცხენი იფრართან და ილორთან!..
ირწევიან, ირწევიან მთები ათასფერადი
და ინგრევა, და ირყევა ბაგრატი და გელათი!..
არა, ჩემო საქართველოვ! არა, ჩემო მამულო!
ჩემო იმერ-ამიერო, ცრემლით თვალდანამულო!..
ჩემო მზევ და, ჩემო მთვარევ, ანგელოზის სადარო,
მიწავ, სისხლით გაპოხილო, ქრისტეს კვართზე ნაბარო!..
ვინ თქვა შენი სიკვდილი და შენი გადაშენება,
შენ ხარ უფლის აკვანი და დედამიწის მშვენება!..
ალილუია, ალილუია, საქართველოს ცისკრებო,
ამობრწყინდი ზღვის ქაფიდან, ხატო, – განსაცვიფრებო!..
ღვთისმშობელო, გევედრები, ზეცა გამოადარო,
ბეწვის ხიდზე იბერია დიდხანს უნდა ატარო?!.”

APPROVED · AGREEMENTS