9 ივნისი, 2022

თემურ ჩხეიძის გენიალური წერილი

ვინც რეჟისორ თემურ ჩხეიძეს ერთხელ მაუნც გასაუბრებია,  დაგვეთანხმება, რომ ეს საუბარი სამუდამოდ დარჩა მის მეხსიერებაში. გენიალურ რეჟისორთან ურთიერთობა ისეთივე არაჩვეულებრივი გახლდათ, როგორც მისი სპექტაკლები.

“არტ ინფო” რეჟისორის ძალიან კარგ წერილს გთავაზობთ:

“ყოველი დღე არის ნაჩუქარი. რამდენიმეჯერ ცხოვრებაში მქონდა მომენტი, როცა უნდა შეწყვეტილიყო ჩემი ამქვეყნად არსებობა. თუმცა ყველაზე მთავარი სასწაულია, რომ გავჩნდი ამქვეყნად. მეცნიერებამ ყველაფერი იცის, ზუსტად არის აღწერილი, როგორ ჩნდება ადამიანი, მაგრამ ეს მაინც სასწაულია და ამოუხსნელია. ყველაფერი სასწაულია, ჩვენი გაჩენიდან დაწყებული, ამქვეყნიდან გასვლით დამთავრებული. ბევრი ამბობს, სიბერეში იწყებ ფიქრს გარდაცვალებაზეო. არადა, ადამიანი გაცილებით ადრე იწყებს ამაზე ფიქრს.

ძალიან ხშირად მიფიქრია სიკვდილზე. ბავშვობიდან მაგაზე ვფიქრობ. ერთმა ექიმმა მითხრა, როგორ გგონიათ, რომელი ასაკიდან იწყება სისხლძარღვის ათეროსკლეროზიო. მითხრა, დაბადების დღიდან, სისხლი მოძრაობს და არასაჭირო ნივთიერებს ზოგს დევნის, ზოგიც ილექება. ეს პროცესი დაბადების მომენტიდან იწყება, ე.ი. დაბადების მომენტიდან უახლოვდები სიკვდილს.

სიკვდილის მეშინია და ამაზე მახსენდება ერთი ანეკდოტი: ტყუპები იბადებიან და პირველი უკვე გამოდის, უკან რომელიც არის, ის ეუბნება პირველს, ნეტავ, იქ რა გველოდებაო. რა ვიცი, იმქვეყნიდან არავინ მობრუნებულაო. ჩვენც დაახლოებით ასე ვართ. ვინმე მობრუნებულა იმქვეყნიდან? ის, რომ სადღაც ქვაბები თუხთუხებს და ჯოჯოხეთში ჩვენ მოვიხარშებით ხაშლამასავით და მერე მარილს დაგვაყრიან, ასეთი რამეები მოფიქრებულია რელიგიის მიერ.

ერთმა ფრანგმა ხელოვნებათმცოდნემ მითხრა, ნოტრდამთან ვიდექით – რატომ არის ასეთი სიჭარბე კათოლიკურ ეკლესიებში სიუჟეტებისო, იმიტომ, რომ ხალხის უმეტესობა წერა-კითხვის უცოდინარი იყო და ასე იგებდა ჭეშმარიტებასო.

ბევრი სიწმინდე მომილოცავს. იერუსალიმსა და ვატიკანში ვყოფილვარ, წმინდა მიწაზე ოთხჯერ ვიყავი, გასტროლების წყალობით. ათონის მთაზე კი არასოდეს ჩავსულვარ. საერთოდ, ასე მიწევს, დავდივარ იქ, სადაც საქმე გადამაგდებს.

ყველაფერს ვახერხებ ისე, როგორც მინდა. მთავარია, გულით მოინდომო ადამიანმა, თუმცა მგონია, რომ მთავარია, ადამიანს ჰქონდეს რწმენა, დანარჩენს როგორმე თვითონ მოევლება. მაგრამ ეს რწმენა ადამიანს უნდა ჰქონდეს არა სხვის დასანახად, არამედ შიგნით, გულში სწამდეს უფალი.

ჩემთვის მთელი ცხოვრება მთავარი იყო ის, როგორ უნდა განვვლო ცხოვრება ისე, რომ ათივე მცნება დაიცვა, თორემ საკვებად რას მივიღებ, ეს შედარებით მეორეხარისხოვნად მიმაჩნდა ზნეობრივ საკვებთან შედარებით. შეიძლება, ადამიანმა ყველაფერი ზუსტად დაიცვას მარხვაში, გრამობით, მაგრამ მთავარია, რომ მილიგრამობით სწორად ცხოვრება შეეძლოს. ეს უკვე ძალიან ძნელია, უცოდველი არავინ არის. ეს არის მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი საფიქრალი. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, მაგრამ რომ გითხრათ, არც ერთი აღქმა არ დამირღვევია-მეთქი, არ ვიქნები მართალი. ყველაზე მეტად ეს მტკენს გულს, იმას აღარ ვამბობ, ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ან პირველი ქვა იმან მესროლოს, ვინც ყველაზე უცოდველიაო. ჩვენს რელიგიაში ხომ მიჩნეულია, რომ უცოდველი არავინ არის.

უცოდველია მხოლოდ ერთი ადამიანი და ისიც ჯვარს გააკრეს. ეს თავის მართლება არ არის, რომ უცოდველი რადგან არავინ არის, ჩემგან რა გინდათ-მეთქი. ძალიან ძნელია მცნებების დაცვა – არა კაც კლა, არა იმრუშო, პატივი ეც მამასა და დედასა შენსა, არ შექმნა კერპი – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. კარგად რომ აანალიზებ ცხოვრებას, არც ისე მარტივია ყველაფერი.

შეგნებული ბოროტება არასოდეს ჩამიდენია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რანაირად შეიძლება ვიყო სრულიად უცოდველი, როცა ვარ რეჟისორი. რეჟისურაში შედის ის, რომ ვიღაცას ვაძლევ სამუშაოს, ვიღაცას – არა. ის მსახიობი, რომელიც არ დავაკავე, რაღაც პერიოდი გულნატკენი ხომ არის ჩემგან? ძალიან დიდი და ფართო გაგებით რომ მივუდგეთ, ვინ მომცა ამის უფლება? არადა, როგორ არ ავირჩიო მსახიობი, რა ვქნა, ყველა ვათამაშო, ვისაც უნდა? საგიჟეთი იქნება და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა დამჭირდება და ცალკე ფსიქიატრები და კარდიოლოგები. გამოსავალი? უნდა დავანებო ყველაფერს თავი და, რაც გინდათ, ის გააკეთეთ-მეთქი, უნდა ვუთხრა. მაშინ რა ვქნა? სხვა რამის კეთება არ შემიძლია და არც მაინტერესებს, ეს არის ჩემი პროფესია. ძალიან მიყვარს მსახიობები და ვიცი, რომ უმეტესობას ჩემ მიმართ ასეთივე გრძნობა აქვს, ამაში ბედმა გამიღიმა, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, არის ნაწილი, რომელსაც გაუცრუვდა იმედები ჩემთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ რასაც ოცნებობდა, ის ვერ მივეცი, მიმაჩნია, რომ არც უნდა მიმეცა.

არ განსაჯო სხვაო, აბა, მაშინ რა ვქნა? მწერალი ბედნიერია, სიტყვებთან აქვს საქმე, დაჯდება, კალმისტარს აიღებს, სუფთა ფურცელს და დაწერს, რაც უნდა. ჩემს პროფესიაში კი ცოცხალი ადამიანი უნდა აღვიქვა და მისგან უნდა შევქმნა ის, რაც მიმაჩნია საჭიროდ. ასე რომ მივუდგე, რელიგიური პოზიციიდან, ეს ცოდვაა, ამიტომ, როცა ასე ვაანალიზებ, უკვე გაუმართლებლად მიმაჩნია ეკლესიაში მისვლა და ხალხისთვის თვალში შეჩხერა. რა მინდა ეკლესიაში, როდესაც შემიძლია, სუფთა კედელს ვუყურო და ისე გავაკეთო ჩემს თავში კონცენტრაცია? ვიცი, რომ ჩემი ტვინითა და არსებით უნდა ვიყო ღმერთთან. სადაც უფრო მეტად მოვახერხებ ამას, ის არის ჩემთვის წმინდა ადგილი. უდიდეს პატივს ვცემ ყველას, ვინც ეკლესიაში ხშირად დადის, მაგრამ ასე ვცხოვრობ და რა ვქნა? ყველამ თვითონ უნდა მიხედოს თავის ცოდვებს. ძალიან იოლი გამოსავალია, როცა ამბობენ, მივალ და ის შემინდობს ცოდვებსო. ამით ადამიანი იცილებს პასუხისმგებლობას. თუ ცოდვას ჩაიდენ, ის ვიღაცამ კი არ უნდა შეგინდოს, თავად უნდა მიხედო საკუთარ ცოდვებს. მინდა, რომ ღმერთსა და ჩემ შორის პირდაპირი სულიერი კავშირი არსებობდეს.”