12 ივნისი, 2022

ნოდარ დუმბაძის არაჩვეულებრივი წერილი

მწერალ ნოდარ დუმბაძის არქივში ინახება არაჩვეულებრივი წერილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, რომელსაც მისი შვილი ქეთევან დუმბაძე გვიზიარებს:

“ვიდექი და ვუმზერდი მუქ-ყავისფრად შეღებილს, ფანჯრებზე შავ ფარდებჩამოფარებულს, და მაინც, დიადსა და ზვიადს, შემდეგ, ჩემ თვალწინ, ჩამოხსნეს შავი ფარდები, შეფეთქეს გედისფრად და მე შევედი შიგ ქუდმოხდილი, მორჩილი და მოდრეკილი, როგორც მავედრებელი წმიდათაწმიდა ტაძარში. მან მიმიღო, როგორც შვილი, შეიწყნარა ყველა ჩემი ცოდვა, ისმინა ყველა ჩემი ვედრება და აღასრულა ყველა ჩემი ჭაბუკური ოცნება. ჩემი კაცობის ყველაზე ნათელ საყუდარს, ჩემი კაცობის ყველაზე მაღალგუმბათოვან ტაძარს, ჩემი კაცობის ყველაზე დიდ პატრონს – უნივერსიტეტს ვკადრებ ჩემს უზომო სიყვარულსა და მადლობას.

…კონსპექტებზე გათენებული ღამეები, ორიანები, სამიანები, ოთხიანები, ხანდახან ხუთიანებიც. დაკარგული და აღდგენილი სტიპენდია. წყნეთის ფერდობზე პაპანაქება სიცხეში დარგული ნაძვები, ბაგირის გადაჭიმვა, უძოს დაპყრობა… ახალგაზრდა მწერალთა წრის სხდომაზე წაკითხული პირველი ლექსი. ბატონ ნიკოს დაყვავება, ხან ლომივით ბუხუნი და მრისხანედ შეკრული კოპები. “პირველი სხივი”. სახელმწიფო გამოცდა. სახალხო მეურნეობის კათედრა. ათი წლის მანძილზე შეძენილი უძვირფასესი მეგობრები და სიყვარულის იმხელა საგზალი, კიდევ ორი ორმოცი წელიწადი რომ ვიარო ქვეყანაზე, არ დამელევა, არ დამელევა კი არა, იმდენი დამრჩება, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ეყოფა სარჩოდაც და საგზლადაც.

ცოდვა გამხელილი ჯობია: ისეთი ბრწყინვალე პედაგოგებისა და პროფესორების ხელში, მე რომ მყავდა (ნიკოლოზ ქოიავა, ირაკლი მიქელაძე, ვასილ ჩანტლაძე, პაატა გუგუშვილი, გია გამყრელიძე, ნიკოლოზ იაშვილი, დავით გვრიტიშვილი, კოკი გაბუნია, არჩილ გოკიელი, გივი კიღურაძე, იოსებ ბაჯაძე, ლუარსაბ კარბელაშვილი, გიორგი გეხტმანი და სხვები), სტუდენტი კუნძი რომ ყოფილიყო და მათ ლექციებზე შეეგორებინათ, მაინც კარგი გამოვიდოდა და მე რაღა ღმერთი გამიწყრებოდა, მაგრამ თავიდანვე ლექსის ცთუნებამ მძლია…

მახსოვს, ბატონმა ნიკო კეცხოველმა მითხრა ერთხელ:
– რა გიყო, ბიჭო, შენა, ფილოლოგიურზე ხომ არ გადაგიყვანო?
– ცოტას ვიფიქრებ, ბატონო ნიკო! – ვთხოვე.
– კარგი, იფიქრე!
ერთი კვირის შემდეგ მეძახის და მეკითხება:
– რა ქენი, იფიქრე?
– ვიფიქრე, ბატონო ნიკო.
– მერე?
– გადავწყვიტე, ეკონომიურზე დავრჩე.
– რათა?
– ეკონომისტი რომ ვარ, ბატონო ნიკო, იმიტომ უკვირთ ჩემი პოეტობა, თორემ ფილოლოგი თუ გავხდი, ვიღას გაუკვირდება.
– ეგეც მართალია, – მითხრა ბატონმა ნიკომ და შემდეგ მთელი ჩემი ცხოვრება სისხლითა და ხორცით დაუკავშირდა უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრეს. მას ბესარიონ ჟღენტი ხელმძღვანელობდა. ხშირად გვესწრებოდნენ სიმონ ჩიქოვანი, დემნა შენგელაია, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, კარლო კალაძე, სერგო კლდიაშვილი, გრიგოლ აბაშიძე, გიორგი ლეონიძე… მოდიოდნენ, გვეხმარებოდნენ ფიქრში, გვასწავლიდნენ ლექსის სიყვარულს, ქართული სიტყვის სიყვარულს, ერთმანეთის სიყვარულს.

სად არ ვყოფილვარ, ნიკო კეცხოველმა მთელი საქართველო გვანახა, რამდენჯერ ვუტარებივართ დიდი ილიას, ვაჟას, ყაზბეგის, აკაკის, გურამიშვილის ნაკვალევზე… მახსოვს, ერთხელ სოფელ დიდ ლილოში ჩაგვიყვანა ლიტერატურული საღამოს ჩასატარებლად. ამდენი ხალხი რომ ერთად დაგვინახა, ერთმა დაზაფრულმა გლეხმა მეორეს ჰკითხა:
– რა ამბავია, კაცო, ჩვენს თავს? ეს ამოდენა ხალხი საიდან გამოტყვრა?
– ნუ გეშინია, ჩვენი ნიკო ჩამოვიდა. ორი “გრუზავიკი” პოეტები ჩამოიყვანა, – უპასუხა ღიმილით მეორე გლეხმა და მე დიდად ბედნიერი ვიყავი, რომ ამ ორ “გრუზავიკ” პოეტებში ვერიე.

როგორ არ უნდა გაიხსენოს კაცმა უზომო სიყვარულითა და მადლიერებით უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრე, რომელმაც მაჩუქა მეგობრები – არჩილ სულაკაური, ედიშერ ყიფიანი, თამაზ და ოთარ ჭილაძეები, სარგის ცაიშვილი, მუხრან მაჭავარიანი, ჯანსუღ ჩარკვიანი, რევაზ თვარაძე, შოთა ნიშნიანიძე, მაგალი თოდუა, ნაზი კილასონია, ზურაბ ჭუმბურიძე, მედეა კახიძე, ტარიელ კვანჭილაშვილი, ნოდარ ჩხეიძე, კარლო ქილარჯიანი, ვახტანგ კეკელიძე, თამაზ ჩხენკელი, გელა გაბუნია, რევაზ ინანიშვილი, ტარიელ ჭანტურია, გივი გეგეჭკორი, აკაკი გეწაძე, გიგლა ხუხაშვილი, ოტია იოსელიანი, რეზო ჭეიშვილი, მერაბ ელიოზიშვილი, ზაურ ბოლქვაძე და ბევრი, ბევრი სხვა.

ათი უთბილესი და უნათლესი წლის გამო,
ჩემი მასწავლებლების გამო,
ჩემი ეკონომიური ფაკულტეტის გამო,
ჩემი ლიტერატურული წრის გამო,
ჩემი მეგობრების გამო,
ჩემს უნივერსიტეტს – ჩემი ცხოვრების ყველაზე მაღალგუმბათოვან ტაძარს – ვკადრებ ჩემს უზომო სიყვარულსა და მადლობას!”

AFFILIATE · INFORMATION