28 ივნისი, 2022

მურმან ლებანიძე გურამ რჩეულიშვილზე

პოეტმა მურმან ლებანიძემ 26 წლის ასაკში ტრაგიკულად დაღუპულ მწერალს გურამ რჩეულიშვილს ლექსი მიუძღვნა:

“გურამ! ახალციხესთან ტბა ყოფილა –
მე რა ვიცოდი!
გურამ! ტბასთან სათიბი ზღვად ყოფილა,
მე რა ვიცოდი!
იქ სლავურ სოფელს რა უნდოდა,
მე რა ვიცოდი!
და სანადიროდ, საკალმახოდ, ცხენთა სახედნად
რომ მპატიჟობდი,
ვეღარასოდეს თუ ვერ გნახავდი,
მე რა ვიცოდი!
ნელი ტანგოა’ეს ქვეყანა, გურამ!
ხომ არ იცეკვებო, – ათასჯერ მორიდებით მკითხეს!…
აბასთუმანში, ჭიქა არაყზე,
გურამი დამხრჩვალაო, –
სხვათაშორის ბიჭებმა მითხრეს…
აწ გვაგონდები
ჩუმი სევდით და ჩუმი წყენით,
ვინც კაცურ მჯიღით გრანიტებს ფშვნიდი
გურამ
შენს წიგნზე დავხატეთ ცხენი –
შენს კისერს უგავს
კისერი – მშვილდი!”