21 ივნისი, 2022

ლაშა ბუღაძე თემურ ჩხეიძეზე

მწერალი ლაშა ბუღაძე რეჟისორ თემურ ჩხეიძეს წერილს უძღვნის:

“დიდ ტრაგედიათა შორის თემურ ჩხეიძისთვის ყველაზე მოუხელთებელი და ამავდროულად ყველაზე მიმზიდველი ტექსტი სოფოკლეს “მეფე ოიდიპოსი” იყო. პიესა-შეკითხვა, სადაც მთავარი გმირი საკუთარ დრამას (და თავს) შეკითხვებით შეიცნობს.

პირველ ფილოსოფოსთა მსგავსად, თემურ ჩხეიძე არასდროს კარგავდა გაოცების უნარს, რის გამოც ის მუმდივად სვამდა შეკითხვას: “რატომ?”

დიდ ქართველ რეჟისორთა შორის ის იყო ბოლო დიდი შემოქმედი, რომლისთვისაც თეატრი აზროვნების სივრცე იყო, რადგან მისი თეატრი – აზროვნების, სივრცეში გაშლილი ფიქრის და კვლევის თეატრია.

დაკვირვებული, ინტუიტიური, ჭკვიანი, ქარიზმატული, თავმდაბალი, უზომოდ ტაქტიანი, ყოველთვის შთაგონებული და იუმორით აღსავსე – ის მე ასეთად დამამახსოვრდება, ადამიანად, რომელსაც გინდა ბევრი რამ კითხო და მისგან ისწავლო, მაშინაც კი, როცა შეკითხვაზე “რატომ”, ის თბილი ირონიით გიპასუხებდა: “იმიტომ!”

მან გადააბიჯა იმ რეალობის მიჯნას, სადაც შეკითხვებს პასუხები ანაცვლებს.”